პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას.
„თორნიკე შენგელია არის საქართველოს მოქალაქე, ქართველი, რომელიც მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი. მინდა წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო და იცოდეს, პირდაპირ მივმართავ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს.
ჩვენ 2022 წელს გველოდება მასპინძლობა ევროპის ჩემპიონატის და თორნიკე შენგელია არის ლიდერი ჩვენი გუნდის და აუცილებელია, ამ ადამიანის მიმართ იყოს პატივისცემა გამოხატული“, - თქვა „ქართული ოცნების" დეპუტატმა.
საქართველოში უკმაყოფილება მოჰყვა თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას საკლუბო კარიერა მოსკოვის „ცსკა“-ში გაეგრძელებინა. ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.
შენგელია გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ თორნიკე შენგელია სამშობლოს და ნაკრების ღირსებას და ინტერესებს კვლავაც დაიცავს. „საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!“,- ნათქვამია კალათბურთის ეროვნული ფედერადაციის განცხადებაში.