მთავრობა იწყებს პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“

ტობავარჩხილის ტბა

საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“. აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან მთავრობის წევრებს სთხოვა პროგრამაში მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით, გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისათვის, რომ, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის და ვიზიტორებისთვის, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო.

პირველ რიგში, უნდა მივეხმაროთ დარგს, უნდა მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა და, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, აღმოვაჩინოთ ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს არ გვინახავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ამით ტურისტულად მნიშვნელოვანი რეგიონებს პანდემიის კრიზისისგან მიყენებული პრობლემები შეუმსუბუქდებათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდანაა გახსნილი. საერთაშორისო ტურისტების მიღება კი აგვისტოდან იგეგმება. კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან შეწყვეტილი რეგულარული ავიამიმოსვლა 1 აგვისტომდეა შეჩერებული.