საქართველოს მთავრობის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იმ 5 ევროპული ქვეყნიდან, რომელსაც საქართველომ საზღვარი "უპირობოდ" გაუხსნა, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში მაინც მოხვდებიან, ტურისტები კი - არა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
"უცხო ქვეყნის ვიზიტორისთვის უფრო მცირეა იმ პირთა წრე, ვისთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს უფრო ფართეა. ამიტომ საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ეს რეგულაციები", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
დღეს, 8 ივლისს მთავრობამ გამოაცხადა, რომ საზღვარს "უპირობოდ" ხსნიდა გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის. მათ მოქალაქეებს საკარანტინო სივრცეში მოთავსების გარეშე მიიღებს საქართველო. საკარანტინო სივრცეში არ მოუწევთ მოხვედრა საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ 5 ქვეყნის რეზიდენტები (ცხოვრების უფლების მქონენი) არიან.