ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის საზღვარს გარკვეული შეზღუდვით გახსნის, რამდენიმე კი ამ ეტაპზე საზღვრის გახსნას არ აპირებს.
ივნისის ბოლოს, ევროკავშირის საბჭომ წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია საზღვრები გაუხსნან კორონავირუსის გავრცელების მხრივ 15 უსაფრთხო ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. ევროკავშირის სახელმწიფოები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.
საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იტალია, სლოვენია და კვიპროსი მზად არიან საზღვარი გახსნან 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით.
ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს არ ხსნიან: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, ფინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. მთავრობის ინფორმაციით, უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომლებმაც საზღვარი არ გახსნეს, საქართველოც ანალოგიურ რეჟიმს ინარჩუნებს, ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესეს, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მოუწევთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ხარჯებს თავად დაფარავენ.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებთან, რომლებმაც საზღვრის გახსნა გადაწყვიტეს, გრძელდება მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა ევროკავშირის 5 სახელმწიფოს: გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს.