გასული კვირის ბოლოს ავსტრიაში მოკლეს ევროპაში გაქცეული კიდევ ერთი ჩეჩენი, 43 წლის ბლოგერი მამიხან უმაროვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ხელისუფლებას.
ავსტრიის პოლიციის თანახმად, უმაროვს თავში ესროლეს და ის საკუთარ მანქანაში გარდაიცვალა ვენის მახლობლად, გერასდორფის სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე.
დაკავებულია ორი ადამიანი. ავსტრიის ხელისუფლება მათს ვინაობას არ ასახელბს, მაგრამ რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს არიან ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით მყოფი ჩეჩნები, 47 წლის სარალი ახტაევი და 37 წლის სალმან მაგამედოვი. ახტაევი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს ლინცში, მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შედეგად. მაგამედოვი შემთხვევის ადგილზე დააკავეს როგორც მოწმე, ხოლო შემდეგ ის ეჭვმიტანილად იქნა მიჩნეული.
უმაროვს იცნობდნენ "ვენელი ანზორის" სახელით, ის ავსტრიაში 2007 წელს ჩავიდა და ორი წლის შემდეგ თავშესაფარი მიიღო. მიენიჭა ახალი სახელი - მარტინ ბეკი.
ინტერვიუებში და სოციალური მედიით გამოქვეყნებულ ტექსტებში ის თავს მებრძოლად ახასიათებდა და ამბობდა, რომ 1990-იანი წლების ბოლოს მსახურობდა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.
უმაროვმა მიმდინარე წლის აპრილიდან მოკიდებული მან ჩაწერა 29 ვიდეორგოლი, რომლებიც ძირითადად ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვსა და მის ნათესავებს ეძღვნება. როგორც ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა საინფორმაციო სააგენტო APA-ს, ვიდეორგოლების შინაარსი იმდენად სკანდალური იყო, რომ „ნათელი იყო, ეს საქმე კარგად არ დამთავრდებოდა.“
ეს ვენაში მცხოვრები ჩეჩენი პოლიტიკური ემიგრანტის მკვლელობის მეორე შემთხვევაა. 2009 წლის 13 იანვარს ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში მოკლეს რამზან კადიროვის დაცვის ყოფილი წევრი უმარ ისრაილოვი. 2011 წელს ავსტრიის სასამართლომ მისი მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნო ჩეჩნური წარმომავლობის სამი პირი.
ავსტრიაში მცხოვრებ ჩეჩნებს შორის დადიოდა ხმები, რომ მამიხან უმაროვის მოკვლისთვის ჯილდო იყო დაწესებული. ავსტრიის პოლიცია თავს იკავებს მისი მკვლელობის გამოძიების კომენტირებისგან, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში ზოგიერთი წყაროს თანახმად, უმაროვს ადრე არაერთხელ შესთავაზეს დაცვა, რაზეც მან უარი განაცხადა.
უმაროვის მკვლელობის შესაძლო მოტივებზე საუბრისას ავსტრიის სამართალდამცველები ახსენებენ პოლიტიკურ მოტივს და დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის საქმის გარჩევას.
გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ მთავარი რედაქტორის, გრიგორი შვედოვის თქმით, „ვენელი ანზორის“ ვიდეობლოგების სტილისტიკა კადიროვისა და მისი მშობლების ძალზე უხეშ შეურაცხყოფას შეიცავს და ეს მკვლელობის მნიშვნელოვანი მოტივია სხვა მოტივებთან ერთად.
„ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც სცილდება პოლიტიკური კრიტიკის საზღვრებს. ვფიქრობ, ამგვარი სტილისტიკა, ამგვარი შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, ასევე შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი,“ ამბობს შვედოვი.
როგორც ბლოგერმა თუმსო აბდურახმანოვმა განაცხადა "ნასტოიაშჩეე ვარემიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, გასაკვირი არ არის, რომ ანზორი მოკლეს, ვინაიდან რამზან კადიროვს „უფრო ნაკლებისთვისაც გაუმეტებია მოწინააღმდეგეები“.
2019 წელს რამზან კადიროვმა ტელეარხ „გროზნის“ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ინტერნეტით შეურაცხმყოფელებზე. „მთელი მსოფლიო რომ დაიწვას ალში, ყველა ქვეყნის კანონი რომ დაირღვეს, განა დავტოვებთ ადამიანს, რომელიც ღირსებას ეხება? ვფიცავ წმინდა ყურანს - არ დავტოვებთ!“ - თქვა მან.
თუმცა, სხვების აზრით, უმაროვი არა იმდენად გამაღიზიანებელი პოსტებისთვის, რამდენადაც სხვა, უფრო პრაგმატული ხასიათის მიზეზით მოიშორეს თავიდან.
ასე ფიქრობს, მაგალითად, უკრაინის ვერხოვნა რადის ყოფილი დეპუტატი იჰორ მოსიიჩუკი, რომელსაც კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის სამთავრობო ჯარების მხარეს მეომარ ჩეჩნებთან.
2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებების წარმოება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, კიევის მხარეს, სულ მცირე, ორი ჩეჩნური ბატალიონი იბრძოდა.
ამ მოვლენების აქტიურ მონაწილეებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა მარტო 2017 წელს. ერთ-ერთი იყო ამინა ოკუევა, რომელიც დონბასის ბრძოლებში მონაწილეობდა, შემდგომ კი მოსიიჩუკის თანაშემწე იყო. ამავე თავდასხმას გადაურჩა მისი მეუღლე, აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ ჩეჩენთა ბატალიონის ლიდერი ადამ ოსმაევი. იმავე წელს კიევის ცენტრში თავდასხმა განხორციელდა თავად მოსიიჩუკზეც. აფეთქების შედეგად დაიღუპა მისი დაცვის წევრი და შემთხვევითი გამვლელი. თავად პოლიტიკოსი დაიჭრა.
მოსიიჩუკის თქმით, 4 ივლისს ვენის მახლობლად მოკლული უმაროვი სწორედ ოკუევაზე, ოსმაევსა და თავად მასზე თავდასხმების საქმეებში იყო ერთ-ერთი მთავარი მოწმე. როგორც „ნასტოიაშჩეე ვრემიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა მოსიიჩუკმა, უმაროვი თავიდან იმიტომ მოიშორეს, რომ ის მნიშვნელოვან მამხილებელ აუდიომასალას ფლობდა ჩეჩნეთის ლიდერისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. მოსიიჩუკის თანახმად, აუდიოჩანაწერებში, რომლებშიც მკვლელობების შეკვეთაზე იყო საუბარი, დამკვეთად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი ფიგურირებს. მართალია, უმაროვმა ეს მასალები უკვე გადასცა უკრაინის სპეცსამსახურებს, მაგრამ მოსიიჩუკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის კანონმდებლობით, ისინი უკვე ძალას კარგავს ცოცხალი მოწმის არარსებობის პირობებში. ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მისი აზრით, უმაროვის მკვლელობის მოტივებს შორის „10% მოდიოდა სოცქსელებში მის მოღვაწეობაზე, მაგრამ ის 90%-ით იყო განპირობებული მისი როგორც მოწმის სტატუსით“.
უკრაინელი პოლიტიკოსის ვერსიით გამოდის, რომ უმაროვის მოკვლით თავიდან მოიშორეს მნიშვნელოვანი მოწმე სხვა თავდასხმებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებში.
უმაროვი მეოთხე ჩეჩენია, რომელზეც ევროპაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა თავდასხმა.
2019 წლის აგვისტოში ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი. ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა სეპარატისების მხარეზე, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გერმანიაში და პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობდა. მკვლელობიდან მალევე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, გრუ-სთან არის კავშირში. ხანგოშვილის მკვლელობას მწვავე რეაქცია მოჰყვა გერმანიის ხელისუფლების მხრიდან. 18 ივნისს გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ ხანგოშვილის ლიკვიდაცია ბრალდებულს დაავალეს რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა.
Your browser doesn’t support HTML5
2020 წლის 1 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ლილში სასტუმროს ნომერში იპოვეს ჩეჩენი იმრან ალიევის გვამი 135 ჭრილობით. ალიევიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ლიდერის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. საფრანგეთის ხელისუფლების წყაროების თანახმად, გამოძიება მკვლელობის პოლიტიკურ მოტივს მიიჩნევს პრიორიტეტულად.
წელსვე, 26 თებერვალს, შვედეთში თავს დაესხნენ ცნობილ ჩეჩენ ბლოგერს, თუმსო აბდურახმანოვს, რომელმაც მოახერხა თავდამსხმელის გაუვნებელყოფა და პოლიციის გამოძახება. თავდასხმასთან დაკავშირებით დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე.
ამ და სხვა თავდასხმებში შემსრულებლებად ხშირად გვევლინებიან ჩეჩნები. ჩრდილოეთ კავკასიის სპეციალისტი, სოციოლოგი დენის სოკოლოვი შენიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩეჩნებიდან რამდენიმე ათეული ათასი მაინც მოგზაურობს ყოველ წელს ჩეჩნეთში. სამშობლოში უმეტესობას ჰყავს ნათესავები, რომლებიც მძევლების როლში იმყოფებიან.
როგორც სოკოლოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, უკანასკნელ წლებში კადიროვი და რუსეთის სპეცსამსახურები საკმაოდ წარმატებულად აგებდნენ დიასპორაზე კონტროლის სისტემას - ნათესავებზე ზეწოლითაც, შინ მოგზაურობითაც, ფულითაც და ა.შ.
„იმის ფიქრი, რომ ავსტრიის, საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის ტერიტორიაზე არ არის საკმარისი აგენტურა, არ შეიძლება. იქ საკმარისად არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან შეასრულონ პრაქტიკულად ნებისმიერი დავალება შიშის გამო ან ფულისთვის... ეს ხალხი მზადაა მსხვერპლზე წავიდეს უბრალოდ იმიტომ, რომ ხშირად მათ სხვა არჩევანი არა აქვთ,“ უთხრა სოკოლოვმა რადიო თავისუფლებას.