გაეროს უფლებადამცველი ექსპერტი და მთავარი მომხსენებელი, ანიეს კალამარი, აცხადებს, რომ აშშ-ის უპილოტო ავიაციის იერიში, რასაც ირანელი მაღალჩინოსანი სამხედრო, გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა, წარმოადგენს „გაუსამართლებლად ჩადენილ მკვლელობას“.
„გენერალ-მაიორი ყასემ სულეიმანი სირიასა და ერაყში, ირანის სამხედრო სტრატეგიასა და ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი იყო. მაგრამ მისგან მომდინარე, სიცოცხლისათვის რეალურად გარდაუვალი საფრთხის არარსებობის გამო, აშშ-ის მიერ განხორციელებული მოქმედებები იყო უკანონო“, - წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ანიეს კალამარი, 7 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.
ირანის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გენერლისა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირის დახოცვამ, აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო კონფრონტაციის გაჩაღების საფრთხე წარმოშვა.
გენერლის მოკვლის პასუხად, ირანმა 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც დაახლოებით 110-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმა.
თავის ანგარიშში, კალამარი აღნიშნავს, რომ „ეს არის პირველი ასეთი ცნობილი ინციდენტი, რომელშიც აშშ-მა „თავდაცვის უფლება გამოიყენა ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, მეორე ქვეყნის სახელმწიფო აქტორის“ გასანადგურებლად.
„არ არსებობს მტკიცებულება, რომ გენერალი სოლეიმანი საგანგებოდ გეგმავდა გარდაუვალ იერიშს აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ერაყში, რისთვისაც საჭირო იყო ელვისებური მოქმედება, რომელიც გამართლებული იქნებოდა“, - წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ანიეს კალამარი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის არმიამ მისი მითითებით ჩაატარა წარმატებული საჰაერო ოპერაცია და მოკლა მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“ ყასემ სოლეიმანი.
ტრამპის თქმით, სოლეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედრო პერსონალზე. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის „ყუდსის ძალების“ სარდალი, ყასემ სოლეიმანი 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს.
აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ მის ქვეყანას, რაც ახლა გააკეთა, დიდი ხნით ადრე უნდა გაკეთებინა, რითაც ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდა.