„მიგდებული იყო ეს შენობა... შევიკრიბეთ და შევედით“, - რას ჰყვებიან უსახლკაროდ დარჩენილები

დიდ დიღომში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები კორპუსს არ ტოვებენ. შსს- უკანონო შეჭრის ბრალდებით მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ხუთსართულიან შენობაში ორმოცდაათამდე ოჯახია შეჭრილი, ოცზე მეტი ბავშვით და ოთხი ორსულით. წლებია უკვე, შენობა მიტოვებულია. გათიშულია ელექტრობა, არ მოდის წყალი, არ მუშაობს კანალიზაცია. შენობას არა აქვს კარები და ფანჯრები, ოთახებში ჩამოცვენილი ფილებისა და მინის ნამსხვრევები ყრია. კიბეები მოაჯირების გარეშეა, იატაკი ალაგ-ალაგ ჩავარდნილია. ოთახები ნაგვით არის სავსე. შპს „აგრომეტის“ დირექტორი, თამთა ოტიაშვილი, ირწმუნება, რომ შენობა ავარიულია და თანაც „აგრომეტის“ საკუთრება. მიუხედავად ამისა, შესახლებულები მიიჩნევენ, რომ ღია ცის ქვეშ ყოფნას მაინც აქ ცხოვრება ურჩევნიათ.

„მიგდებული იყო ეს შენობა, არავინ აქ არ დადიოდა, არავინ ამას არ აკითხავდა, შევიკრიბეთ და შევედით. სამინისტრო დევნილებისთვის რეგიონში სახლებს რომ აშენებს, მინდა სადმე ერთი ოთახი გადმომეცეს, რომ წლების განმავლობაში შვილებთან ერთად უსახლკაროდ არ ვიარო“, - ამბობს ნინო ყოლბაია.

შესახლებულები ამ შენობას, უკვე თვეა, აკვირდებიან. ნახეს, რომ მიტოვებული იყო. ორიოდე ოთახიდან ნაგავი გაიტანეს და ერთი კვირის წინ შესახლდნენ. ამ ოთახებიდან ერთში ახლა ბავშვებს სძინავთ, ყველაზე პატარა ორი თვისაა. მშობლები ამბობენ, რომ 250-ლარიანი ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს. სოციალურ დახმარებას, 220 ლარს, აგვისტოზე ადრე ვერ აიღებენ.

„რომ ავიღებ, ვერც მაშინ გავალ აქედან. ქირაში ვიხადო ის ფული, თუ ბავშვებს საჭმელი ვაჭამო? ჩემს ქმარს მუდმივი სამუშაო არა აქვს - რაც გამოჩნდება, იმას აკეთებს. მე ვერ ვმუშაობ, ორი შვილი მყავს. ჩემი ხელობა რაა? არაფერი. საშუალო მაქვს დამთავრებული“, - ამბობს 37 წლის სოფიო გაფრინდაშვილი.

20 წლის ზურაბ გურგენიშვილი მეუღლესთან ერთად ბავშვს რამდენიმე თვეში ელოდება. სოციალური დახმარება არც მათ ჰყოფნით.

კორონავირუსის გამო სამი თვე უმუშევარი დავრჩი და ქირა ვერ გადავიხადე. თელავიდან ვარ, მაგრამ, 8 წელია, თბილისში ვცხოვრობ. თელავში სახლი არა მაქვს. მშობლებმა მიმატოვეს და სახლიც გაყიდეს“, - ამბობს ზურაბი.

„ამას დავასუფთავებთ, ერთ საწოლს დავიდგამ და რაღაცა იქნება. დედა მე აღარა მყავს, ცოლი და შვილი. დედაჩემს დამბლამ დაარტყა. თუ რამე მებადა, გავყიდე ყველაფერი, რომ გადამერჩინა და ვერ გადავარჩინე. მამაჩემი შუათანა ძმას ეხვეწებოდა, ცოლი მოიყვანე, ოთხი კაცი ვართ, მოვლა ხომ გვინდა, აღარ შეუძლია ბებიასო. მოიყვანა ცოლი. ოცდაათკაციანი პურის ჭამა გვქოდა სახლში. მეორე დილით მამაჩემს გულმა დაარტყა და გათავდა კაცი. მათი გამოტანილი ფულები მე ვიხადე. ვეღარ გავუძელი ვეღარაფერს. სოფლის სახლი ძმაზე იყო გადაფორმებული. მე აღარავინ არაფერი მომცა: წადიო, ჩემია სახლიო. აქ 15 კვადრატულში 350 ლარს ვიხდიდი და იმასაც ვეღარ ვიხდი. ოთხი თვის მისაცემი მაქვს. მუშად რომ იმუშავებ და დღეში 25 ლარს აიღებ, რა უნდა გააკეთო“, - ჰყვება გიორგი ნოზაძე.

54 წლის ია მხეიძე ამ კორპუსში ნათესავის სარდაფიდან მოვიდა. გაიგო, რომ აქ ერთი „არავის“ შენობაა. პირველი ჯგუფის ინვალიდობა მაქვსო, ამბობს და შენობის მფლობელთან გასაუბრებას ითხოვს. შეჭრილები ეჭვობენ, რომ შენობა სახელმწიფო ბალანსზეა და კერძო მეპატრონე არ ჰყავს.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შენობა მათ ბალანსზე არ არის. თავის მხრივ, შპს „აგრომეტის“ დირექტორიც აცხადებს, რომ კორპუსს კერძო მფლობელი ჰყავს.

„გუშინ შემპირდნენ, რომ თუ დაადგენდნენ, რომ კერძო საკუთრებაა, დატოვებდნენ აქაურობას, მაგრამ დღეს სხვა ვითარება დამხვდა. როგორც ჩანს, ახლა უკვე მესაკუთრისგან თუ სახელმწიფოსგან უნდათ რამის გამოძალვა. არ ვიცი, გაუგებრად ლაპარაკობენ“, - ამბობს თამთა ოტიაშვილი.

მერიასა და სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ როდესაც პირი სოციალურად დაუცველია და ბინაც არა აქვს, მას ან ბინის ქირას უხდიან, ან ე.წ. სოციალურ საცხოვრებლებში გადაჰყავთ. კერძო საკუთრებაში შეჭრილი თითოეული პირის საკითხი ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს, იქიდან გამომდინარე, სად არის ის მიწერილი, ეძლევა თუ არა დახმარება და ასე შემდეგ.

საქართველოს ან თბილისის მასშტაბით უსახლკარო პირების რაოდენობა ცნობილი არ არის. რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც ადამიანები ბინის გარეშე რჩებიან, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) 2015-2016 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უსახლკარობის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის ჯანმრთელობის მდგომარეობით გაპირობებული ხარჯები, აგრეთვე მწირი ანაზღაურება, უმუშევრობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითი გადაადგილება და ოჯახური ძალადობა.