TI: დეპუტატ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფოსგან 6 მლნ-ზე მეტი მიიღეს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედით, უმრავლესობის დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2018 წლიდან ამ დრომდე სახელმწიფოსთან 6 264 688 ლარის ხელშეკრულებები დადეს. ჯაფარიძე 16 წელია პარლამენტის დეპუტატია, ორჯერ მესტიის მაჟორიტარი იყო, 2016 წელს კი საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის სიით მოხვდა.

ვიქტორ ჯაფარიძის კომპანია

დეპუტატი შპს "სეტი+"-ის 33,3 პროცენტს ფლობს. ამ კომპანიამ 10 გამარტივებული შესყიდვით 57 762 ლარის მოცულობის ხელშეკრულებები გააფორმა.

დეპუტატის შვილის კომპანიები

7 კომპანიაში ფლობს ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე წილებს. კომპანია ექსპერტ ჰაუსმა (24%) 2018 წლიდან 6 ტენდერში გაიმარჯვა და თითქმის 2,6 მლნ ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

ოთარ ჯაფარიძის კიდევ ერთი კომპანია (50%) შპს TOB კონსტრაქშენი სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა ორჯერვე უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 3 635 920 ლარია.

შემოწირულებები

გარდა იმისა, რომ დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ ტენდერებს, მასთანაა დაკავშირებული მმართველი პარტიის მსხვილი შემოწირულებებიც. მისმა ცოლმა და შვილის ბიზნესპარტნიორებმა 2012 წლიდან დღემდე მმართველ პარტიას 360 ათასი ლარი შესწირეს, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად კენჭისყრის დროს - 50 ათასი ლარი.

პრემიერის გამოხმაურება

დღეს, 3 ივლისს საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ამ კვლევასა და პარლამენტში გამდიდრებულ დეპუტატებზე ჰკითხეს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იქნებოდნენ თუ არა მომავალ საპარლამენტო სიაში ის დეპუტატები, ვინც პარლამენტში ყოფნის დროს გამდიდრდნენ.

"წარმოდგენა არ მაქვს, მომავალ საპარლამენტო სიაში ვის ვიხილავთ. ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო, ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები კვლევას გადაუგზავნიან. იმდენად ღიაა დღეს მედიასივრცე, რომ არაფერი დაიმალება. შესაბამისად, თუ იქ რაიმე საფუძველი არსებობს, დაიწყება მოკვლევა", - თქვა გახარიამ.