94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ მკაცრდება სასჯელი ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება. ჯარიმის მოცულობას მოსამართლე განსაზღვრავს.
გარდა ამისა, დაწესდა ე.წ. 25-მეტრიანი რადიუსი - საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.
საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე ორი თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსებას.
ცვლილებების თანახმად, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.
პარლამენტმა, ამავე კანონპროექტით საბოლოოდ დაამტკიცა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ქალთა კვოტირების საკითხი: 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
საკანონმდებლო ცვლილებებს ზოგი რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის გამო აკრიტიკებენ, მათ შორის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შესახებ.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში ყველაფერი მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.