საქართველოს პარლამენტის წევრი და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ავტორი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გენდერული კვოტების შემოღება საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. მან ასე უპასუხა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს და კონსტიტუციის მე-11 მუხლი წაუკითხა, სადაც კაცებისა და ქალებისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენაზეა საუბარი.
"რაც შეეხება კომპეტენციას, ბუნებრივია, ვერავინ ვერავის ვერ დაარწმუნებს, რომ საქართველოში 30 კომპეტენტური ქალი არ არის. 30-იც არის, 30 ათასიც და მეტიც. მთავარია პოლიტიკური პარტიების მონდომება - ერთადერთი, რაც კეთდება კვოტირებით, არის ის, რომ ჩვენ "ვაიძულებთ" პარტიებს მოძებნონ ასეთი ქალები. ეს არის ძალიან სწორი მოწოდება", - თქვა კობახიძემ.
დღეს, პირველ ივლისს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. დოკუმენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი. ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია გენდერული კვოტირება. საწყის ეტაპზე, კანონმდებლობით მოთხოვნილია, რომ მინიმუმ ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის.