ცოტა ხნის წინ, 12 ივნისს ამერიკის სკრიპსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ბაზისური სამეცნიერო კვლევის პირველადი შედეგები, რომელიც კორონავირუსის SASR COV-2-ის მოლეკულურ დონეზე შესწავლას ეფუძნება. კვლევის ამ შედეგების შესახებ სტატიები რამდენიმე გამოცემაშიც დაიბეჭდა, მათ შორის იყო "ვაშინგტონ პოსტიც".
მეცნიერთა ჯგუფის დასკვნით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ განცდილი მუტაციით გაძლიერდა ვირუსის გადაცემის უნარი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, 30 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში“. მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო პაატა იმნაძესთან გადაემოწმებინა, გულისხმობდა თუ არა ის სწორედ სკრიპსის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.
თუმცა, თუ მეცნიერთა ამ ჯგუფის მიერ აღწერილ სამუშაოს და პაატა იმნაძის მიერ ვირუსის მუტაციის აღწერას შევადარებთ ერთმანეთს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბარი სწორედ ამ მიგნებაზეა.
ასევე ნახეთ პაატა იმნაძე: კორონავირუსმა განიცადა მუტაცია, რომელიც შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს„კორონას რომ "გამოშვერილები" აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა - მარტივად რომ გითხრათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც ვირუსოლოგი მაია ბუწაშვილი, ამერიკელი მეცნიერების კვლევის საფუძველზე განმარტავს, ის იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია და შეიძლება მეტად გადამდები გახდეს. მაგრამ ეს არის კვლევა, რომელიც დამატებით ბევრ კვლევას საჭიროებს, სანამ მასზე მყარი, საყოველთაო დასკვნა გაკეთდება. მით უფრო, ჯერჯერობით, დასკვნა არ გაკეთებულა ადამიანთა პოპულაციასთან მიმართებით.
„ერთი, რომ გარკვეული დასკვნის საშუალებას გვაძლევს და მეორეა ამ კვლევის ეპიდემიოლოგიური ასახვა ანუ კვლევები, რომელიც ამ დასკვნას ეპიდემიოლოგიურ სურათში დაადასტურებს. ეს კვლევა ჩატარდა მოლეკულურ დონეზე, რამდენაც შესაძლებელი იქნება ამ კვლევის ადამიანების პოპულაციაზე გადათარგმნა, მართლაც გაიზრდება თუ არა გადაცემის რისკები“, - ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც, მაია ბუწაშვილის თქმით, ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება.
ეს არ არის კორონავირუსის პირველი მუტაცია
კორონავირუს SARS COV-2-ზე დაკვირვება, მისი მუტაციის უნარის შესწავლა, ჩინეთის პროვინცია უჰანში მისი აღმოჩენიდან დღემდე გრძელდება. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მისი გენომის გაშიფვრასა და მისი ხასიათის ცვლილებებზე განუწყვეტლივ მუშაობენ და ჩანდა, რომ ვირუსი მუტაციას აქამდეც სულ განიცდიდა.
ასევე ნახეთ ინტერვიუ ქართველ მეცნიერ ქალებთან, რომლებმაც ახალი კორონავირუსის გენოტიპი გაშიფრესვირუსის მუტაციაზე დაკვირვება რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, ერთი მიმართულება მისი გადადების უნარის შესწავლას ემსახურება. მუტაციის შესწავლა მნიშვნელოვანია მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის თვალსაზრისით და ინფიცირებულთა კლინიკური სურათის მართვისთვის.
მაია ბუწაშვილის სიტყვებით, აქამდე არსებული კვლევებით მიიჩნეოდა, რომ კორონავირუსი SARS COV-2 მცირე ცვლილებებს განიცდიდა და გრიპის ვირუსზე ნაკლებად ცვალებად ვირუსადაც კი ახასიათებდნენ.
„ზოგადად მუტაციას ვირუსი სულ განიცდიდა, უბრალოდ აქამდე ცნობილი იყო, რომ ის მუტაციები, რაც ახასიათებს კორონავირუსს, მასში ძალიან მინიმალურ ცვლილებებს იწვევდა, ამიტომ იყო შედარებით პოზიტიური განწყობა, რომ კორონავირუსი არ არის ძალიან ცვალებადი ვირუსი და ამიტომ იმედია, რომ ვაქცინა უფრო სტაბილური იქნება, გრიპის ვირუსზე უფრო ნაკლებად ცვალებად ვირუსადაც მოიხსენიებდნენ, ამიტომ მუტაციები მისთვის ახალი არ არის, უბრალოდ, აქამდე არსებული მუტაციები არ იყო იმდენად მასშტაბური, რომ შეეცვალა ვირუსის ბუნება ან გადაცემის უნარი, ან კლინიკური მიმდინარეობის უნარი ანუ ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ ნაწილში ეს მუტაციები ძალიან დიდ როლს არ ასრულებდა“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.
სკრიპსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ვირუსის მოლეკულურ დონეზე დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნები, ჯერ არცერთ ოფიციალურ ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. გამოქვეყნებამდე მასში შეიძლება შენიშვნები და სხვა ცვლილებებიც აისახოს.