სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლის ტექსტს სრულად გთავაზობთ:

"აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლითაც მკვიდრდება უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა. როგორც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას შორის 8 მარტს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგი, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს უფრო მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები და საქართველოს მთავრობამ ეს კანონმდებლობა ეფექტიანად დანერგოს. საქართველოს დემოკრატიული ევოლუციისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის გამართვა, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღის ჩატარება.

აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს მცდელობას გააძლიეროს მისი დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკა და კანონის უზენაესობა, ისევე, როგორც უფრო ფართო ევრო-ატლანტიკური მისწრაფება, რომლებიც რუსეთის აგრესიისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალებებს შორისაა".

საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. "ჩამკეტი" იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.