საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენითაც მიღებულია

საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელიც ცვლის პარლამენტის არჩევის წესს.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. 3 წინააღმდეგი იყო - "ქართული ოცნების" უმრავლესობის ყოფილი წევრები, უფრაქციო დეპუტატები ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია და დმანისი-წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფრაქციის "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარეა.

კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

დღევანდელ სხდომას არ დაესწრნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა. ისინი საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილად აცხადებენ „პოლიტპატიმარ გიორგი რურუას“ გათავისუფლებას და მის შესრულებას ასახელებდნენ საკონსტიტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი.

21 ივნისს, პირველი მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა. მათ შორის იყვნენ ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ წევრებიც, თუმცა, პარტიამ მაშინვე განაცხადა, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე, მომდევნო ორ კენჭისყრაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუას წინასწარ პატიმრობაში დატოვების გამო, 23 ივნისს, „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა აღარ მიიღო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრაში. მეორე მოსმენით მიღებისას კონსტიტუციურ კანონპროექტს 115 მხარდამჭერი ჰყავდა.