ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ფიგურირებს  

ზელიმხან ხანგოშვილი

შარშან ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში ფიგურირებს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე.

როგორც გერმანიის გამოცემა Spiegel-ი იტყობინება, საქმე ეხება რომან დ.-ს, რომელიც მკვლელობამდე, 3 აგვისტოს, შენგენის ზონის ტერიტორიაზე შევიდა, ბელარუსიდან პოლონეთში, ავტომანქანით.

მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებზე და დაკავებულია ერთი პირი, ვადიმ სოკოლოვი (კრასიკოვი), რომელსაც გამოძიება მკვლელობის უშუალო ჩამდენად მიიჩნევს.

რომან დ.-ს მიმართ გამომძიებლებს ინტერესი გაუჩნდათ, რადგან მისი საპასპორტო მონაცემები საეჭვოდ ემსგავსებოდა კრასიკოვისას, რომელსაც საბუთი მისცეს სხვის გვარზე ხანგოშვილის მოსაკლავად ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლამდე არც ისე დიდი ხნით ადრე.

არ არის ცნობილი, რა კონკრეტული როლი ჰქონდა მკვლელობაში რუსეთის მეორე მოქალაქეს.

მოელიან, რომ 29 ივნისს გამოქვეყნდება Bellingcat-ის გამოძიება დეტალებით. ჯგუფი Bellingcat-ი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებას აწარმოებს ერთობლივად Spiegel-სა და რუსულ საიტ Insider-თან ერთად.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ინფორმაცია განთავსებულია უწყების ვებსაიტზე. ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით.

პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაცია დაავალეს ბრალდებულს, რომელიც დანაშაულის ჩადენისთანავე იქნა დაკავებული.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

„ბრალდებულმა მკვლელობის თაობაზე სახელმწიფო დავალება მიიღო. ის ან ფინანსურ ანაზღაურებას მოელოდა, ან იზიარებდა დამკვეთთა მოტივს, რომ მოეკლა პოლიტიკური მოწინააღმდეგე და ამგვარად შური ეძია რუსეთის წინააღმდეგ ძველ კონფლიქტში მისი მონაწილეობისთვის“, - ნათქვამია ბრალდებაში.

ბრალდებაში მოცემულია მკვლელობის წინა დღეებში ვადიმ კ.-ს გადაადგილების მარშრუტი: მოსკოვი-პარიზი-ვარშავა. პროკურატურის თანხმად, ბრალდებული 2019 წ. 22 აგვისტოს, მკვლელობის წინა დღეს, აქამდე დაუდგენელი გზით ჩავიდა ვარშავიდან ბერლინში.

23 აგვისტოს მკვლელობის თაობაზე ბრალდებაში წერია, რომ: ბრალდებული მსხვერპლს ველოსიპედით მიუახლოვდა უკნიდან და როცა გაუსწორდა, გვერდიდან ესროლა წელს ზევით. ამის შემდეგ მან წაქცეულ მსხვერპლს კიდევ ორჯერ ესროლა თავში.

რუსეთის მთავრობა მომხდართან კავშირს უარყოფს.