კახიძე გახარიას: 20 ივნისი მეხსიერებიდან ამოიგდეთ?

პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძე დაინტერესდა, რატომ არ ახსენა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები: „ეს როგორ არის ანუ, დაგავიწყდათ ეს დღე, ამოიგდეთ მეხსიერებიდან, თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ? თუ ის დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით?“

კახიძემ გახარიას გაახსენა, როგორ აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე: „ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი როცა იყავით, ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვით ქვეყანაში გავრილოვი. მერე სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეებს დაუყენეთ პარლამენტის ღობის გარეთ პოლიციის დანაყოფები, რითაც პირდაპირ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოახდინეთ. მერე ძალის გამოყენებას რომ აპირებდით, ამის გაფრთხლების ნაცვლად, პირიქით გაფრთხილება მიეცით მოქალაქეებს რომ ჩვენი ხელწერა არ არისო რეზინის ტყვიების გამოყენებაო - თქვენი წინამორბედის პირით - და ამის შემდგომ დაიწყეთ რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის ჭურვების სროლა მომიტინგეებისთვის, რომლებიც არათუ პოლიციასთან კონტაქტში არ იყვნენ, არამედ საერთოდ ვერ ხედავდნენ პარლამენტის კიბეებს“.

კახიძემ გახარიას მიმართა, მომიტინგეებზე გაჩაღებული ნადირობის შემდეგ რატომ არ ახსენებს თვალებდათხრილ მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს: „არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ აქ რა უფლებით დგახართ, ამ ტრიბუნიდან როგორ გვმოძღვრავთ კიდევ?!“

2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციის ძალით დაშლისას გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხელისუფლების პოზიციაა, რომ აქციის ძალით დაშლა საჭირო გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ძალით დაკავება სცადეს. ამასთან, ერთი წელია პროკურატურა იძიებს სპეცრაზმელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეს.