ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

გიორგი შაქარაშვილი 25 ივნისს დაკრძალეს

წინასაწარი ინფორმაციით, 17 პირი დააკავეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

რადიო თავისუფლებას შსს-ში დაკავების ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დღეს ბრიფინგს გამართავენ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

გამოძიების ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. სწორედ იქიდან დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი.

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, რომელსაც მოგვიანებით დაემატა ძალადობის მუხლიც.