კელი დეგნანი: მიღწევა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მრავალპარტიული მხარდაჭერა

კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მესამე მოსმენით კენჭისყრისას საკონსტიტუციო ცვლილებებს მრავალპარტიული მხარდაჭერა ექნება.

აშშ-ის ელჩმა ეს განცხადება ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა, მას შემდეგ, რაც მან დაათვალიერა, ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შემქნილი შშმ ბავშვთა მცირე საოჯახო სახლი.

„აშშ-სთვის მიღწევა იქნება, თუ საქართველო მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული, მრავალპარტიული მხარდაჭერით. ეს აჩვენებს ნამდვილ ერთგულებას აქ პროგრესისა და დემოკრატიული პროცესისა და შექმნის პირობებს შემოდგომაზე სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა“,- განაცხადა კელი დეგნანმა. რომლის განმარტებითაც ესმის, რომ ზოგი ოპოზიციური პარტიისათვის დამატებითი ნაბიჯებია საჭირო, რათა შესრულდეს შეთანხმება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება - შეთანხმება შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ და ასევე საარჩევნო რეფორმის კანონს, რომელიც პარლამენტის წინაშეა და სადაც გათვალისწინებულია ოდირის რეკომენდაციების ნაწილი ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენი აზრით ზოგიერთი მნიშვნელოვანი პირობა ჯერ არ არის გათვალისწინებული კანონში და ვიმედოვნებთ, რომ ამ პირობებს მომავალში გაითვალისწინებენ, რადგან ის დაარწმუნებს ამომრჩევლებს, რომ მათ შეეძლებათ ხმის მიცემა სამართლიან კლიმატში, სანდო შედეგებით“,- აღნიშნა კელი დეგნანმა.

მან კიდევ ერთხელ შეაფასა 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, შორის მიღწეული შეთანხმება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიღწეული ორმხრივი კომპრომისის შემდეგ სურს იხილოს, როგორ შესრულდება შეთანხმების ორივე პირობა.

„ჩვენი განცხადებებით ცხადად ვთქვით, რომ, როგორც ფაცილიტატორები, კომენტარს არ გავაკეთებთ შეთანხმების სპეციფიკურ დეტალებზე. 8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა. ეს იყო მისი ნამდვილი წარმატება - რომ ისინი შეიკრიბნენ, რთულ კომპრომისებზე წავიდნენ და საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა კი ყველას სურს რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. ორი კენჭისყრა გვქონდა შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო სისტემას მომავალი არჩევნებისათვის. ასევე უნდა შესრულდეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეეხება პოლიტიკურ ჩარევას და სასამართლო პროცესს და შერჩევით გამოძიებას.“,- განაცახდა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ის თუ რამხელა მხარდაჭერა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენისას. ვინაიდან ეს ლეგიტიმაციის თემას უკავშრდება.

საკონონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი იცვლება, პირველი მოსმენით 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეორე მოსმენისას კი კანონპროექტში ცვლილებს 115 დეპუტატი მიემხრო.

ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

პირველ კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას 136 მხარდამჭერ დეპუტატს შორის 20 ხმა "ევროპულ საქართველოს" ეკუთვნოდა. მათ მეორე მოსმენის კენჭისყრაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ჯერი უკვე ხელისუფლებაზე იყო და გიორგი რურუა უნდა გაეთავისუფლებინათ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ 2019 წლის ნოემბერში დაკავებული, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

მეორე მოსმენით კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები ყოფილი თანაგუნდელებისა და "პატრიოტთა ალიანსისგან" მოაგროვა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა; კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ნატო ჩხეიძემ შეიკავა.

საკონტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.