საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

ტურავას გარდა, ამ თანამდებობის დაკავება სურდა ირინა იმერლიშვილსაც, რომელმაც ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.

მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის დროს, 2015 წლის 15 სექტემბერს არ მიიღო გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობა. მაშინ მან განაცხადა, რომ არ აწერდა გადაწყვეტილებას ხელს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჰქონდა დრო გადაწყვეტილების წასაკითხად.

ტურავა 2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია. 30 მარტიდან, ფიცის დადების დღიდან კი ამ თანამდებობაზე მუშაობს.

ამავდროულად, 2013 წლიდან ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორად მუშაობს.

ტურავა წლების წინაც მუშაობდა მოსამართლედ. მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა 1999 - 2006 წლებში ეკავა. გარდა ამისა, 2000-2005 წლებში ამავე პალატის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეც მუშაობდა.