130 წლის მარიჯანი „მზითვის სარკეში“

25 (12) ივნისი მწერალ მარიჯანის დაბადების დღეა. “მარიჯანი” - 1890 წელს თბილისში დაბადებული მარიამ ალექსიძე-ტყემალაძის ლიტერატურული ფსევდონიმია.

სწორედ ამ ფსევდონომით იცნობს მწერალს ლიტერატურის მოყვარულთა არაერთი თაობა, რომლისთვისაც მარიჯანი ერდროულად საბავშვო პოეტიცაა და ღრმა, ლირიკური ლექსების ავტორიც. საბჭოთა ბიოგრაფიულ ლექსიკონებსა და კალენდრებში მარიჯანი „ნაზი განცდებისა და ფაქიზი გრძნობების“ ცნობილი საბავშვო მწერალია, თუმცა იმავე საბჭოთა ცნობარებიდან ირკვევა, რომ მწერალი ქალის შემოქმედებითი ბიოგრაფია ორად არის გაყოფილი.

მარიჯანი

„თუ წინათ ის თავის ლექსებში უმღეროდა „უღიმღამო საღამოებს“, „დამწვარ ყაყაჩოსა“ და „დაწეწილ ყვავილებს“, დიდი ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ მას სხვა სული ჩაუდგა. მწერალი ნათელ ფერებში გვიხატავს განახლებული ქვეყნის, მისი ადამიანების სიდიადეს, პატრიოტიზმსა და ხალხთა მეგობრობას“, - ვკითხულობთ 1960 წელს, მწერლის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სტატიაში.

თუმცა ვიდრე „ნათელი ფერების მომღერალი“ გახდებოდა, მარიჯანი უკვე იყო მკაფიო ხმის, მნიშვნელოვანი ქალი-მწერალი. მარიჯანის ლიტერატურული დებიუტი 1916 წელს შედგა, როდესაც დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ტბა”, პირველი ლექსების კრებული კი 1921 წელს გამოიცა:

„თავი დაიხრჩო სიმხიარულემ
ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე,
როცა შევნიშნე, რომ დაფარულად
შენი ღიმილი სხვას შესთავაზე.
ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს
და სურვილები მძლავრად მერევა...
მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს
შენს თავს და შენთან ბედნიერებას?
და ა.შ.“

„თავისი დებიუტით მარიჯანმა მალე მიიქცია ყურადღება, როგორც ნიჭიერმა პოეტმა, რომელიც არ ერიდებოდა ექსპლიციტურად ეწერა ეროტიული გრძნობების, სხეულებრივი და სულიერი შეგრძნებების და, ზოგადად, ქალის სექსუალობის თემებზე. 1920-იან წლებში ეროტიული ლექსების სახით მიმოწერა ჰქონდათ მარიჯანსა და იოსებ გრიშაშვილს. გრძნობისმიერი ემოციების გარდა, ორივე მათგანი ამ ლექსებში ეხებოდა სოციალურად მტკივნეულ საკითხებს, რაც პატრიარქალურ კლუტურასთან და სექსუალობის თემებთან იყო კავშირში“, - ვკითხულობთ მწერალ თამთა მელაშვილის წერილში, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს საიტზე გამოქვეყნდა 2015 წელს.

მარიჯანი, იოსებ გრიშაშვილი, ცქვიტი

იოსებ გრიშაშვილისა და მარიჯანის „ლექსების სახით“ მიმოწერა კარგად არის ცნობილი ლიტერატურის მოყვარულებისათვის. როგორც ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის დირექტორი, ნოდარ გრიგორაშვილი ამბობს, იოსებ გრიშაშვილს მარიჯანთან სულიერი კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ლექსებსაც კი ლამის მთელი სიცოცხლე უძღვნიდა: 1928 წელსაა დაწერილი გრიშაშვილის ცნობილი „შენ გაირყვნები“ და მარიჯანის ასევე ცნობილი პასუხი; კიდევ ერთი მიძღვნა „მარიჯანს“ კი 1939 წელს დაიწერა, გრიშაშვილის სონეტი „მარიჯანს“ 1917 წლით არის დათარიღებული და როგორც ჩანს, ამ დროს მარიჯანი ყველაზე პოეტური დაავადებით - ტუბერკულოზით არის დაავადებული:

მე როცა მესმის შენი ნაზი ამონახველი,
ვგრძნობ, რომ ესწრაფვი სასაფლაოს ურაზო კარებს, -
მაგრამ ჩემსავით თვით სიკვდილიც ვერ შეიგიყვარებს,
სიკვდილი ტრფობის ერთადერთი გამომსახველი...
...გემუდარები - რომ არ ვგრძნობდე იქ თავსა ობლად -
შენსა საფლავთან, მეგობარო, შენსა მახლობლად
ერთი ადგილი, ვიდრე მოვალ მეც შემინახე.

მარიჯანი

მარიჯანის 20-იანი წლების შემოქმედებიდან ასევე გამორჩეულია პროზაული ტექსტი „შემთხვევითი თემები“, რომლის ფრაგმენტები 1960 წელს გამოქვეყნდა საბჭოთა პრესაში, თუმცა გამოქვეყნდა არა სრულად, არამედ მხოლოდ ის ნაწილები, რომლებშიც ავტორი ოჯახზე, შრომასა და შემოქმედებაზე საუბრობს. საბჭოა პერიოდის პუბლიკაციაში ვერ მოხვდა ის ნაწილი, სადაც პოეტი წამებად ქცეულ წამებსა და თვითმკვლელობაზე მსჯელობს:

„და სწორედ ამ წამებამ, ცხოვრების ტლანქ და უგულო კანონებმა, ორჯერ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა.
მაგრამ, არც ტყვიამ, არც დანამ და არც ჭლექმა, არ მომკლა.
ალბათ ქინძისთავისაგან მიწერია სიკვდილი.
ბედი არ არსებობსო.
მე კი ფატალისტკა ვარ.
ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო.
მეც უნდა ვიცხოვრო, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცისათვის
და რაღაცისათვის ეს საჭიროა.
მე თვითონ გარკვეული პასუხი ჯერ კიდევ არა მაქვს ამაზე“.

მარიჯანი საბავშვო ჟურნალ "დილას" ავტორი

მარიჯანმა დიდხანს, 88 წელი იცოცხლა (გარდაიცვალა 1978 წელს) და, თუ მის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს (პიესები, მოთხრობები, კრიტიკული წერილები, ესეები), დავინახავთ, რომ ნაყოფიერადაც იცხოვრა; მარიჯანმა ასევე თარგმნა მნიშვნელოვანი ავტორები და არაერთ თაობას დაუტოვა მშვენიერი საბავშვო ლექსები, თუმცა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების მიუხედავათ, თუ ცალკეულ მცდელობებს არ მივიღებთ მხედველობაში, ვეღარასოდეს დაუბრუნდა თავისი შემოქმედების ძირითად ძარღვს - ლირიკულ პოეზიას, რომელიც 30-იანი წლების ტერორმა იმსხვერპლა და, რომელიც ასე კარგად გამოსდიოდა, რის დასტურადაც გამოდგება თუნდაც „მზითვის სარკე“:

ქორწილის წინ დედაჩემთან ვსაუბრობდი ცალკე
დედამ მითხრა გაუფრთხილდი შვილო მზითვის სარკეს
გამიგია გადმოცემა არის ხალხში ძველი
თუ ოჯახში სარკე გატყდა, რაღაც საფრთხე ელის
ამ სარკეს რომ ენა ჰქონდეს, რამდენს გეტყვით ამბავს
ამ სარკის წინ მე ჩამაცვეს საქორწილო კაბა
მახარებდა უნაზესი სამკაული თავის
ყველაფერი თეთრი იყო და თმა შავი, შავი
ნახევარი საუკუნე დღას ოთახში სარკე
ნახევარი საუკუნე ჩემ ცხოვრებას ვარკვევ
ვინ რა იცის თუ რამდენჯერ გული გამებზარა
თუ რამდენჯერ გული გატყდა და ის სარკე არა
თუ ამდენხანს გიფრთხილდები და ზრუნვას არ გაკლებ
შეგენახა ჩემი სახე მზითვის სიოსარგევ
ახლა მუდამ თალხებში ვარ, ფიქრი მდევნის ერთი -
რად მაცვია შავი კაბა, თმა მაქვს თეთრი, თეთრი?!