სუს-მა კოვიდსტატუსის გაყალბებაზე "მთავარი არხის" მასალაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ წუთებში "მთავარი არხის" ორ რესპონდენტს, არკინაზ გულიევასა და ზანურა ტალიბოვას ჰკითხავენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი გამოკითხვაზე კორონვირუსის გარდაცვალების გაყალბების საქმეზე დაიბარეს.

მასალა "მთავარ არხის" ეთერში 20 ივნისს გავიდა. მასალაში ისინი აცხადებდნენ, რომ გარდაცვალებულისთვის კოვიდადებითი სტატუსის ჩაწერის სანაცვლოდ მარნეულში ოჯახებს 10 ათას ლარს სთავაზობდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმის წარმოება კორონავირუსის შესახებ "ცრუ შეტყობინებების" გაგზავნის დროს დაიწყეს.

ამ მუხლით საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ არ გამორიცხავენ ამ საქმეზე "მთავარი არხის" ჟურნალისტების დაბარებას.

ეს არის მასალა, რომელიც "მთავარმა არხმა" კოვიდსტატუსის გაყალბებაზე 20 ივნისს "შაბათის მთავარში" გაუშვა.