"გირჩს" სასამართლოში შეაქვს სარჩელი "დეპუტატთა შარდის სიწმინდის" წინააღმდეგ

პარტია „გირჩი“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის „დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ“.

საუბარია კანონმდებლობით დადგენილ წესზე, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულნი არიან ცესკო-ში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

პარტიის მიერ წარმომადგენლად არჩეული იურისტი, „გირჩის" წევრი ლევან ჯგერენაია აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატს ირჩევს ხალხი, მას ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია და არ შეიძლება დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა.

„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, ესმის, რომ პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს უხერხულ ამბავზე მიმართავს, მაგრამ სასამართლოს დახმარება ამ სამარცხვინო პროცედურის გასაუქმებლად აუცილებელია, რადგან არჩევითი თანამდებობის პირს მსგავსი შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს.