იტალიაში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის La Repubblica-ში 22 ივნისს წერილს აქვეყნებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მარტა დასუ, და წერს, რომ პანდემიის დროს საკმარისი ყურადღება არ ექცევა საგარეო პოლიტიკას: „ჩაკეტვა სახლში ან სახელმწიფო საზღვრებში კოვიდის სინდრომის ნაწილია - ლოკდაუნის დასრულების შემდეგაც. ეს არის მდგომარეობა, რომელიც, ფსიქოლოგთა თქმით, კიდევ დიდხანს გასტანს. ამას ეკონომიკური, სოციალური და, ამავე დროს, გეოპოლიტიკური შედეგები აქვს: კოვიდის მსოფლიოში ვის უნდა საგარეო პოლიტიკით თავის შეწუხება?... საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, როგორც ჩანს, ვირუსის ირიბი მსხვერპლი ხდება. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საკუთარი თავისთვის ამის უფლების მიცემის ფუფუნება. ლიბიას შევხედოთ, მაგალითად. ცდუნება, პრობლემის უგულებელყოფა მოვახდინოთ, ძალიან დიდია“.
კორონავირუსის კრიზისმა გვაჩვენა, რომ ევროპაში ღია საზღვრები არანაირად არ უნდა მივიღოთ მყარ და თავისთავად მოცემულობადო, წერს ესპანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის გამოცემა El País-ი 22 ივნისს: „შექმნილია ევროპის კომისიის პროექტი, რომელიც გულისხმობს გარე საზღვრების გამკაცრებას და იმ უცხოელების დეპორტაციის დაჩქარებას, რომლებსაც თავშესაფარი არ ეკუთვნით, თუმცა პერსპექტივა, რომ მის შესახებ ერთ წელიწადში შეთანხმება შედგება, მცირეა. ეს ნიშნავს, რომ ცალკეულ ქვეყნებს საკმაოდ დიდი სივრცე ექნებათ საიმისოდ, რომ თავად მართონ თავიანთი საზღვრები. გადაადგილების თავისუფლება, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ბურჯი, ბოლო წლებში რამდენჯერმე მოექცა გამოცდის ქვეშ. ტერორიზმის საფრთხემ და 2015 წელს ევროკავშირის საზღვრებში ლტოლვილების შემოდინებამ უკვე გამოიწვია პირველი გამონაკლისები. ახლა კი გაჩნდა საფრთხე, რომ ჩაკეტვის ის შემთხვევები უბრალო ამბები გახდება იმ შეზღუდვებთან შედარებით, რომლებიც, პანდემიის გამო, მომავალში შეიძლება დაწესდეს“.
ვირუსი ჩვენთან უკვე კონტროლს ექვემდებარება და ინფიცირების ცალკეულ ადგილებში ლოკალურად ზრდა შეშფოთების საგანს არ წარმოადგენსო, წერს ჩეხეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Denik-ი 23 ივნისს: „მოსაზრება, რომ კორონავირუსი, უბრალოდ, გაქრება, მომხიბვლელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო. ახლა ის პრაღის ვიცე-მერს, პეტრ ჰლუბუჩეკს, შეხვდა, თუმცა მისი შემთხვევა ადასტურებს, რომ კარანტინის სისტემა, რომელიც ახლა მუშაობს, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს საშუალებას აძლევს, ზუსტად და ძლიერად იმოქმედონ. ... სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში - და მეზობელ ქვეყნებში - პანდემია დასრულებულია. დაავადება კვლავაც არსებობს, მაგრამ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მასთან გამკლავება შეუძლია“.
იტალიაში გამომავალ ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის Corriere della Sera-ში 15 ივნისს რეგულარული ავტორი, ანტონიო პოლიტო, პანდემიის შედეგად გაღრმავებულ უთანასწორობაზე წერდა: „ლოკდაუნის ასი დღის განმავლობაში იყო ხალხი, რომელიც უწინდელივით სიღარიბეში ცხოვრობდა, თავიანთი შვილებით შეყუჟული 40-კვადრატულმეტრიან ბინებში და ყოველდღიურ საყიდლებზე იაფფასიან პროდუქტებს ეძებდა. ... შემდეგ მოდიოდა საშუალო ნაწილის იტალია: ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ სახლებში დარჩენა, მაგრამ შემოსავალი დაკარგეს, დანაზოგს ხარჯავდნენ და მომავლის ძალიან ეშინოდათ. კიდევ სხვები იყვნენ ის „თეთრსაყელოიანი“ ადამიანები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამსახურებიც და ხელფასებიც, ჰქონდათ WiFi და ნეტფლიქსი, სახლებიდან მუშაობდნენ და ველოსიპედებით სეირნობდნენ ხოლმე. ... შინ ყოფნისას მათ თავიდან აღმოაჩინეს ემოციები, ნელი ტემპის ხიბლი, გასტრონომია, ბავშვები და სიყვარული ქორწინებაში. უკვე თითქმის ისე იყვნენ, რომ მეტხანსაც დარჩებოდნენ ლოკდაუნის პირობებში“.
საზოგადოებებში გაღრმავებულ უთანასწორობასა და პროფესიებს შორის ანაზღაურების უსამართლობაზე წერდა 12 ივნისს ავსტრიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის Der Standard-იც: „თუკი კორონავირუსამდელ ვითარებას დავუბრუნდებით, ეს ნიშნავს შემდეგს: ქვედა საფეხურებზე მყოფ ხალხს ზემოდან დაუწყებენ იმის სწავლებას, რომ ისინი ყველაფერს არასწორად აკეთებენ, საკმარის განათლებას არ იღებენ, იაფად უნდათ ხორცის ყიდვა და ზედმეტად მსუქნები არიან, საკმარისად არ მოძრაობენ და არც გარემოზე ზრუნავენ და, რაც მთავარია, არჩევნებში არასწორ ძალებს აძლევენ ხმას. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი, რაც არასწორად ხდება. უთანასწორობა იზრდება. შესაძლებლობები ახლა კიდევ უფრო უსამართლოდაა განაწილებული, ვიდრე უწინ.... დისკუსიამ სისტემის ყველაზე საჭირო პროფესიების შესახებ მკაფიოდ წარმოაჩინა ის, რომ ამ დარგებში მომუშავე ადამიანები, როგორც წესი, დაბალ შემოსავალზე ცხოვრობენ. და ზუსტად ეს არის ის, რაც ახლა უნდა შეიცვალოს, თუკი გვინდა, რომ ზემოდან დაკრული აპლოდისმენტები ცინიზმად არ იყოს აღქმული“.
პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.