ბელარუსის ხელისუფლება საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მედიაზე განხორციელებული რეპრესიების გამო მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გამართული ანტისამთავრობო აქციების გაშუქების დროს 14 ჟურნალისტი დააკავეს, ხოლო სამი გაასამართლეს.
22 ივნისს მინსკში დაახლოებით 50 სასამართლო პროცესი გაიმართა, „სოლიდარობის ჯაჭვის“ სახელით ცნობილ საპროტესტო აქციაში მონაწილე დემონსტრანტების წინააღმდეგ. მათ უმრავლესობას ბრალი წაუყენეს „არასანქცირებულ ღონისძიებაში“ მონაწილეობისა და „პოლიციისათვის წინააღმდეგობის“ გაწევისთვის.
მათ შორის იყო რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც 19-20 ივნისს გამართულ ოპოზიციის პოტენციური და დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერ მიტინგებს აშუქებდნენ.
რადიო თავისუფლებისათვის გაგზავნილ წერილში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, რომ გააუმჯობესოს თავისი რეპუტაცია, როგორც ადამიანის უფლებათა პატივისმცემელმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ, შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ეუთოს წინაშე ნაკისრი თავისი ვალდებულებები, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, რაც არ განისაზღვრება უშუალოდ მხოლოდ არჩევნების დღის სურათით.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ეს უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც უშუალოდ არჩევნების დღეს ხდება. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, უზრუნველყოს თანაბარი უფლებები არჩევნებში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის, მათ შორის კანდიდატების რეგისტრაციის, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე წვდომისა და წინასაარჩევნო კამპანიის სხვა ასპექტების გათვალისწინებით“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას, მათ შორის შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აშშ-სა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისათვის“.
19 ივნისს ბელარუსის პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა ოპოზიციის მიერ მოწყობილ დემონსტრაციებზე დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში, მას მერე, რაც ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ მზარდი რეპრესიების ფონზე პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გამოაცხადა, რომ მისმა მთავრობამ „რევოლუცია“ ჩაშალა.
ფორმიან და უფორმო პოლიციელთა მიერ აყვანილებს შორის აღმოჩნდა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის კორესპონდენტი ალექსანდრა დინკო და მისი ოპერატორი ანდრეი რაბჩიკი. ისინი მინსკში დააკავეს პირდაპირი ეთერის დროს. რაბჩიკმა დაკავების პროცესში კამერა ჩართული დატოვა. დინკო და რაბჩიკი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკა, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, გამარჯვების შემთხვევაში მეექვსე ვადით დაიკავებს სახელმწიფო მეთაურის პოსტს.
გასული კვირის ბოლოს პოლიციამ მინსკში დააკავა საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკას მეტოქე, ვიქტარ ბაბარიკა, ერთი დღის შემდეგ კი მისი შვილიც, ედუარდი. მამა-შვილი გადაიყვანეს საგამოძიებო იზოლატორში.
ვიქტარ ბაბარიკა, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას, მთავარი მეტოქე, 18 ივნისს დააპატიმრეს „ბელგაზპრომბანკის“ მხრიდან გადასახადების გადაუხდელობის საქმეზე. საკრედიტო ბანკს, რომლის აქციონერები რუსეთის "გაზპრომი" და კომპანია "გაზპრომბანკი" არიან, ბაბარიკა 20 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.
ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი მიიჩნევს, რომ „ბელგაზპრომბანკის“ შიგნით მოქმედებდა ჯგუფი, რომელსაც ფული გადაჰქონდა საზღვარგარეთ.