ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“ ეხმაურება საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მხარდაჭერას. ის წუხილს გამოთქვამს „ვიწრო ზღვრის” გამო და იმედოვნებს, რომ მესამე მოსმენისთვის კანონპროექტს ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება.

„მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ საკვანძო საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვწუხვარ ვიწრო ზღვრის გამო და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს, მესამე საბოლოო მოსმენაზე 142 ხმა ექნება“, – წერს კარლ ჰარცელი ტვიტერზე.

ევროკავშირის ელჩი 21 ივნისსაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის შედეგებს. მაშინ მან განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებისას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერი 142 ხმა დათვალა.

საკონონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი იცვლება, პირველი მოსმენით 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეორე მოსმენისას კი კანონპროექტში ცვლილებს 115 დეპუტატი მიემხრო.

ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

პირველ კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას 136 მხარდამჭერ დეპუტატს შორის 20 ხმა "ევროპულ საქართველოს" ეკუთვნოდა. მათ მეორე მოსმენის კენჭისყრაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ჯერი უკვე ხელისუფლებაზე იყო და გიორგი რურუა უნდა გაეთავისუფლებინათ. გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამ აზრს არ იზიარებს ხელისუფლება.

მეორე მოსმენით კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები ყოფილი თანაგუნდელებისა და "პატრიოტთა ალიანსისგან" მოაგროვა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა; კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ნატო ჩხეიძემ შეიკავა.

საკონტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.