ცოტნე გამსახურდია უკეთაა - მისი მეუღლე რეაბილიტაციის დეტალებზე საუბრობს   

ანა ჯაბაური რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ აპირებენ რამდენიმე დღეში მისი მეუღლე, ცოტნე გამსახურდია, სრული ეაბილიტაციისთვის გერმანიის ერთ-ერთ ნეირო-სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაყვანონ.

მართალია, ცოტნე გამსახურდია ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს და ვერც სიარულს ახერხებს, მაგრამ კომიდან გამოსვლის შემდეგ იგი დამოუკიდებლად სუნთქავს, ყლაპავს და კიდურებს ამოძრავებს. როგორც მისი მეუღლე ამბობს, ახლახან დააწყებინეს ვარჯიშიც სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ორგანიზმის რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი.

„საღ გონებაზეა. როცა ვეუბნები, ხელი მომიჭირე, მიჭერს. ემოციებს გამოხატავს. ხანდახან ახლობლები ტელეფონით ესაუბრებიან და ეტყობა, რომ სიამოვნებს. შინაგანად კარგად არის. ზოგადად, ასეთ ავადმყოფებს ახასიათებთ დეპრესია, მაგრამ ცოტნესთვის ეს არ შემიმჩნევია. რაც მოხდა, ის ახსოვს თუ არა, არ ვიცი. ამ თემაზე მისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ ის მოვუყევი, რა ოპერაციები ჩაუტარდა“, - ამბობს ანა ჯაბაური.

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ცოტნე გამსახურდიას ექიმები მაინც სპეციალური მილით კვებავენ. მის მკურნალობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ცოტნეს მეურვე მე ვარ. სპეციალურად არ შევიტანე მეურვეობაში ქონებრივი საკითხი. გიორგის ვთხოვე, ქონებრივი მეურვეობა მას აეღო თავის თავზე. ახლა თურქეთში ცოტნესთან მხოლოდ მე ვარ. ძმები ერთი გერმანიაშია და მეორე - პოლონეთში, იქიდან მეხმარებიან, განსაკუთრებით გიორგი. გიორგიმ საოცარი ძმობა გაუწია, სულიერადაც და მატერიალურადაც. ყველაფერს ის აგვარებს. ჩამოდიოდა კიდეც, სანამ გზები არ ჩაიკეტა“, - ამბობს ანა ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 19 დეკემბერს დაჭრეს. სასამართლომ კვირას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ცოტნე გამსახურდიას საქმე 11 ტომისგან შედგება, სადაც ჯერჯერობით არ არის ყველაზე ღირებული მოწმის, თავად ცოტნეს, ჩვენება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით დაკითხვის შესაძლებლობას არ იძლევა.