83 000 ლარი ქუჩების რეცხვაში, 28 000 - პარკებში

2020 წლის პირველ 5 თვეში, იანვრიდან მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დახარჯულია 2 მილიონზე მეტი, 2 339 216 ლარი;

ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი წელსაც ისეთ ხარჯებს ფარავს, როგორსაც წინა წლებში: მოქალაქეების მკურნალობის დაფინანსება, სოციალურად დაუცველთა კომუნალური გადასახადები, სახალხო არტისტების და საზოგადო მოღვაწეების დაკრძალვის ხარჯები და დაზიანებული სახლების ბინადრების ქირა. ნაწილი კი ეპიდემიით განპირობებული ხარჯებია: კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დაკრძალვა, ქუჩების რეცხვა და სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე პოლიეთილენის პარკები მოხუცების საკვებისთვის.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ხარჯები მერიის სარეზერვო ფონდიდან:

75 000 ლარი დაუჯდა მერიას ქუჩების მორეცხვა-დეზინფექცია, თავად სადეზინფექციო ხსნარები კი 8 127 ლარად შეიძინა. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მერიამ ქუჩების რეცხვის გადაწყვეტილება მარტის თვეში მიიღო.

რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილის რეცხვა, 16 აპრილი

ამ ამოცანის შესასრულებლად „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ჯამში ქუჩების რეცხვაში მერიამ სარეზერვო ბიუჯეტიდან 83 127 ლარი დახარჯა.

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩისა და გურამიშვილის გამზირის რეცხვა, 29 მაისი

28 000 ლარი გამოყო მერიამ პოლიეთილენის პარკების შესაძენად. ამ პარკებით მერიამ 2500-მდე მარტოხელა თბილისელი მოხუცი საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით მოამარაგა. ანუ ერთი ადამიანისთვის პროდუქტების მიტანაზე საშუალოდ 11 ლარის პარკები დაიხარჯა.

მოხუცების და სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი, გამზადებული პროდუქტი

რა თანხა დაიხარჯა მუნიციპალიტეტიდან უშუალოდ პროდუქტებზე, ან რა დაჯდა მათი მიტანა, სარეზერვო ფონდის ბიუჯეტში არ ჩანს. ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ მერიამ პროდუქციის დასაწყობებასა და გაცემაში „დამხმარე მუშახელი” დაიქირავა, რომელთა ანაზღაურებისთვისაც 8 აპრილს 21 150 ლარი გამოყო, 25 მაისს კი - 14 100 ლარი.

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის თქმით, მერიას პროდუქტების მისაღებად ნაქირავები ჰქონდა დარბაზი ძიუდოს აკადემიასთან, 10 დღისთვის განკუთვნილი პაკეტი კი მოიცავდა შემდეგ პროდუქტებს:

  • შაქარი - 800 გრამი;
  • ბრინჯი - 800 გრამი;
  • ჩაი -2 კოლოფი;
  • მაკარონი - 2 კგ;
  • წიწიბურა - 1 კგ;
  • შვრიის ფანტელი - 500 გრ;
  • ხორბლის ფქვილი - 3 კგ;
  • ზეთი - 1 ლ;
  • მარილი - 1 კგ;
  • ლობიო - 2 კგ;
  • ორცხობილა - 2 შეკვრა.
  • თხევადი საპონი;
  • სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცი;
  • სარეცხი ფხვნილი - 300 გრ;
  • შამპუნი - 400 მლ;
  • კბილის პასტა;
  • კბილის ჯაგრისი;
  • ტუალეტის ქაღალდი.

პროდუქტი დარბაზიდან, სადაც მოხუცებისა და სოციალურად დაუცველთათვის გადასაცემი პაკეტები მზადდებოდა

მარტოხელა მოხუცების პროდუქტებით უზრუნველყოფაში ჩართული იყო როგორც ბიზნესი, ასევე მოხალისეები და წითელი ჯვარი. მხოლოდ „დამხმარე მუშახელსა” და პოლიეთილენის პარკებზე მერიის სარეზერვო ბიუჯეტიდან 63 259 ლარი წავიდა.

800 000-ზე მეტი დაუჯდა ქალაქის მმართველობას მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლების უზრუნველყოფა მარტიდან 1 ივნისამდე კორონავირუსით ინფიცირებისგან დამცავი საშუალებებით.

კიდევ 30 000 ლარი გამოიყო მერიის დაქვემდებარებაში არსებული სერვისცენტრებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მერიის მფლობელობაში სხვა ფართების სადეზინფექციო ღონისძიებების ჩასატარებლად.

მერიამ დაკრძალა კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი სამი მოქალაქე. ერთი კაცისა და ორი ქალის სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად მან სარეზერვო ფონდიდან 2180 ლარი 13 მაისს გამოყო.

ასევე ნახეთ საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

ჯანდაცვის საკითხებიდან საყურადღებოა ისიც, რომ სეზონური გრიპის შემთხვევების და მძიმე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილის მატებასთან დაკავშირებით, შერჩეულ რამდენიმე ამბულატორიულ კლინიკაში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მიზნით 2019 წელს უფრო მეტი თანხა გამოიყო სარეზერვო ბიუჯეტიდან, ვიდრე 2020 წელს, პანდემიის ფარგლებში. დედაქალაქის მთავრობა ამ ხარჯს იანვრის თვეში წევს ხოლმე და 2019 წელს ამ მიზნით 43 200 ლარი გამოიყო, 2020 წელს კი - 22 500.

რაც შეეხება ხარჯებს, რომელიც არ იყო დაკავშირებული კორონავირუსთან, თბილისის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯებიდან, გარდა მკურნალობის და დაკრძალვისა, რასაც ყოველწლიურად ვხვდებით, ყურადღებას იქცევს შემდეგი:

იანვრის თვეში მერიამ 3 277 ლარი დახარჯა საშობაო „ალილოსთვის” ტკბილეულის კალათების შესაძენად. მერია ამ ხარჯს ბოლო წლებში სისტემატურად წევს სარეზერვო ფონდიდან. 2018 წელს ალილოში მონაწილეობა ქალაქს 6 445 ლარი დაუჯდა, 2019 წელს 2 677. 2019 წელს „ნოვრუზ ბაირამისთვის” მერიამ კალათები საჩუქრად ბევრად იაფად - 390 ლარად შეიძინა. წელს ამგვარი ხარჯი მერიას აღარ გაუწევია.

ალილო, 2019 წელი

კიდევ ერთი ხარჯი, რომელსაც თბილისის მერია წლებია წევს, კოჯორში, იუნკრების ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველების კომუნალური გადასახადების დავალიანების დაფარვაა. 2020 წელს მხოლოდ წყლის ღირებულების დავალიანების დასაფარად მერიამ 143 362 ლარი გაიღო.

46 073 ლარი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში იყო გამოყოფილი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზ. 30-ში მდებარე კორპუსის ლიფტის აღსადგენად, რომელიც აქ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას დაზიანდა. 2019 წელს სამგზავრო და სატვირთო ლიფტები არ შეკეთებულა და 2020 წლის იანვარში მერმა კიდევ ერთხელ გამოსცა ბრძანება მათი აღდგენა-რეაბილიტაციისთვის თანხის გამოსაყოფად.

ამ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას აფეთქების დროიდან, ანუ 2019 წლის ოქტომბრიდან, უხდის ქალაქი როგორც დროებით ბინის ქირის თანხას, ასევე ავეჯისა და ნივთების შესანახად ნაქირავები სამეურნეო ფართის იჯარის თანხას - ხარჯი ყოველ თვეში განსხვავებულია. 2020 წლის პირველ 5 თვეში ჯამური თანხა 150 000 ლარს აჭარბებს. ოჯახები ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ, ანუ 2019 წლის ოქტომბრიდან ამ დრომდე სხვა ბინებში, ქირით ცხოვრობენ და მხოლოდ 2019 წლის 3 თვეში სახელმწიფომ მათ იჯარაში 113 190 ლარი გადაიხადა.

მოქმედი კანონმდებლობით, სარეზერვო ფონდი წარმოადგენს გაუთვალისწინებელ, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ სახსრებს. შესაბამისად, სარეზერვო ფონდის მიზანია წლის განმავლობაში წარმოქმნილი ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელთა გათვალისწინებაც ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

სარეზერვო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების (გამოყოფილი თანხების) მთლიანი ოდენობის 2%-ს.