სოფელ სადახლოში 22 ივნისს ჩასულ პლატფორმა „სალამის“ მოხალისეებს არ უთმობენ სივრცეს, რომ დაეხმარონ სამთავრობო საიტზე რეგისტრირებაში საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურდაკარგულ თვითდასაქმებულებს, რომლებსაც ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის მიღება სურთ.
პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელნურ ალისოიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფელ სადახლოში, სადაც პლატფორმის წევრები ამჟამად იმყოფებიან, „გაურკვეველი ადამიანების“ მითითებით, მოხალისეთა მიმართ ისეთსავე დამოკიდებულებას ამჟღღავნებენ, როგორიც იყო 21 ივნისს სოფელ ნაზარლოში.
„არ გვითმობენ სივრცეებს, რომ დავდგათ ჩვენი მაგიდა, ტექნიკა და შევძლოთ ადგილობრივი მოსახლეობის რეგისტრაცია“, - თქვა ელნურ ალისოიმ.
მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც სამსახურდაკარგულ თვითდასაქმებულებს (და არამხოლოდ) საშუალება აქვთ სპეციალურ ვებგვერდზე გაიარონ რეგისტრაცია და გაგზავნონ განაცხადი, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღონ. რადგან ვებგვერდი მხოლოდ ქართულენოვანია, სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებს ეზღუდებათ ამ ონლაინსერვისით სარგებლობა. პრობლემის მოგვარების მიზნით, „სალამმა“ გადაწყვიტა, ქვემო ქართლის 22 სოფელში ჩავიდეს და ადგილობრივ მოსახლეობას - კომპანსაციის მიღების მსურველებს - დაეხმაროს ონლაინრეგისტრაციაში.
სამოქალაქო პლატფორმის მოხალისეებს პირველი გასვლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ჰქონდათ. ორგანიზაციამ 21 ივნისს სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ არ მისცეს მათ მუშაობის საშუალება:
„[დილის] 10 საათზე მივედით ნაზარლოში, დავიწყეთ სოფელში ცენტრალური ლოკაციის მოძებნა, სადაც ბევრ ადამიანს მოვემსახურებოდით და უსასყიდლოდ დავარეგისტრირებდით. შევარჩიეთ ადგილიც, გავშალეთ მაგიდები, კომპიუტერები, პრინტერიც (მუშაობისთვის გვჭირდება ელექტროენერგიის წყარო). პირველი მოქალაქეც მოვიდა. გვიკეთია პირბადეები, ხელთათმანები, ვიცავთ დისტანციას. მოსულ მოქალაქეს ხელზე სადეზინფექციო ხსნარი შევთავაზეთ, გამოვართვით მისი პირადობა და დავიწყეთ მუშაობა. ცოტა ხანში ადამიანი, რომელმაც სიხარულით მიგვიღო საკუთარ სივრცეში, მოვიდა და გვეუბნება, რომ უნდა წავიდეთ, ადგილს ვერ დაგითმობთო. არც გვაცალა პირველი მოქალაქის დარეგისტრირება. ვერაფერს მივხვდით, მაგრამ დავემორჩილეთ მის ნებას”.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ სოფელში შესაბამის სივრცეს, დაახლოებით, 4 საათს ეძებდნენ და ყველგან უარს ეუბნებოდნენ. მათივე თქმით, ბარიერების მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ აქციას და შეცვლიან „იმ ადამიანების პრივილეგირებულ მდგომარეობას, რომლებიც ძალიან ხშირად საკუთარ პოზიციას და თანამდებობას უსამართლოდ იყენებენ“.