საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკას მეტოქის, ვიქტარ ბაბარიკას მსგავსად პოლიციამ დააპატიმრა მისი შვილიც, ედუარდი. მამის მსგავსად იგიც გადაყვანილია საგამოძიებო იზოლატორში თუმცა სისხლის სამართლის საქმის გარემოებები უცნობია.
გავრცელებული ცნობით, ეს ფაქტი დაადასტურეს ედუარდ ბაბარიკოს ადვოკატებმა, რომლებსაც გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს.
ვიქტარ ბაბარიკო, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას, მთავარი მეტოქე, 18 ივნისს დააპატიმრეს „ბელგაზპრომბანკის“ მხრიდან გადასახადების გადაუხდელობის საქმეზე.
საკრედიტო ბანკს, რომლის აქციონერები რუსეთის "გაზპრომი" და კომპანია "გაზპრომბანკია", 20 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ბაბარიკა. ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი მიიჩნევს, რომ „ბელგაზპრომბანკის“ შიგნით მოქმედებდა ჯგუფი, რომელსაც ფული გადაჰქონდა საზღვარგარეთ.
მანამდე ერთი კვირით ადრე, „ბელგაზპრომბანკის“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აღძრული კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში, 11 ივნისს სამართალდამცველებმა დააკავეს ბანკის ყოფილი და ამჟამინდელი 15 თანამშრომელი.
ვიქტარ ბაბარიკას დაკავებისა და დაპატიმრების შემდეგ მთელი ბელარუსის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს.
შაბათს პოლიცამ დააკავა აქციებში მონაწილე 270 კაცი. მათ შორის აღმოჩნდა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის კორესპონდენტი ალექსანდრა დინკო და მისი ოპერატორი ანდრეი რაბჩიკი.
ისინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკა, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, გამარჯვების შემთხვევაში მეექვსე ვადით დაიკავებს სახელმწიფო მეთაურის პოსტს.