პროკურატურა მოითხოვს გოგონაზე ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულის დაპატიმრებას

არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული გოგონა არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და „Instagram“-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

განცხადებაში, ასევე ვკითხულობთ, რომ რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა გოგონასთან კომუნიკაციის დამყარებას. პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც გოგონას შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში. ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, არასრულწლოვანი ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

2020 წლის 17 ივნისს არასრულწლოვანი გოგონა დაზარალებულად ცნეს. საქმეზე
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურის განცხადებით, რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

არასრულწლოვნის მამამ პროკურატურის მხრიდან პატიმრობის შესახებ შუამდგომლობის დაყენებამდე „ფეისბუკზე“ დაწერა ბრალდებულის მოქმედების შესახებ. როგორც მამა ამბობს, მან 6 ივნისს შეიტყო, რომ მის შვილს აწუხებდა სრულწლოვანი, რომელსაც ის ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თუკი მას ცოლად არ გაჰყვებოდა.

პოლიციას მიმართვის შემდეგ მამა ჰყვება გაწელილი პროცედურების შესახებ. შემდეგ მას შვილთან ერთად პროკურატურაში მოუხდა სიარული, სადაც უთხრეს, რომ, სავარაუდოდ, ბრალდებულის დაპატიმრებას ვერ შეძლებდნენ.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.