„თბილისში სასწავლებლად არ წახვალთ“, - ეს კატეგორიული მოთხოვნა და გაფრთხილება ახალგორელმა აბიტურიენტებმა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს. ახალგორის ქართული სკოლა წელს 11-მა მოსწავლემ დაასრულა და ყველა ახალგორის რაიონულ ადმინისტრაციაში დაიბარეს. შეხვედრას კაგებეს 4 ოფიცერიც ესწრებოდა და გასაუბრებაზე 9 მოზარდი მივიდა. ეს ინფორმაცია თავად აბიტურიენტებმა გაავრცელეს. ერთ-ერთი ახალგორელი პედაგოგი კი, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, რადიო თავისუფლებას ამ შეხვედრის დეტალების შესახებ უამბობს. მისი ინფორმაციით, ამ ვითომ უბრალო გასაუბრებაზე მოსწავლეების დაშინება მიმდინარეობდა. უშიშროების თანამშრომლებს აინტერესებდათ, სად აპირებენ სწავლის გაგრძელებას მოსწავლეები. ზოგმა თქვა, რომ თბილისის უმაღლეს სასწავლებელში აპირებს ჩაბარებას, ზოგმა განმარტა, რომ სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, ზოგიც, საერთოდ, გაჩუმდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, კაგებეს ოფიცრებმა აბიტურიენტებს მოსთხოვეს, რომ თბილისში სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვან და სწავლა ცხინვალის უნივერსიტეტში გააგრძელონ. გარდა ამისა, ახალგაზრდები გააფრთხილეს, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩუმად გადაკვეთა არც სცადონ, თორემ ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ხოლო ვინმე თუ მაინც გაბედავს და თბილისისკენ გაიპარება, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება. ისიც აღსანიშნავია, რომ კაგებეს ოფიცრების არასრულწლოვნებთან ეგრეთ წოდებულ გასაუბრებას არც აბიტურიენტების მშობლები ესწრებოდნენ, არც მასწავლებლები და არც სხვა მეურვეები. მხოლოდ ერთი ბავშვი მივიდა შეხვედრაზე დედასთან ერთად. ამიტომ ახალგორში მიიჩნევენ, რომ ეს იყო აბიტურიენტების დაშინება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჩვენი ახალგორელი წყაროს ცნობით, მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, ადგილობრივ ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდებისთვის საბუთები უკვე შევსებული აქვთ და ისინი, რისკის ფასად, შემოვლითი გზებით ეცდებიან თბილისისკენ წასვლას.
სწორედ მაშინ დაიწყეს შეზღუდვა და გააფრთხილეს ბავშვები, რომ იქ არ წახვალთ და ცხინვალში უნდა ისწავლოთო...ნუგზარ თინიკაშვილი
ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ეს მოსწავლეებზე ზეწოლის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი დაბარება მაშინაც იყო, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა და მათ შესაძლებლობა მისცა, სწავლა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გაეგრძელებინათ.
„აფრთხილებენ და უკრძალავენ, რომ სკოლადამთავრებულები წამოვიდნენ და თბილისში მიიღონ უმაღლესი განათლება. ადრეც იყო მსგავსი შეხვედრა. ქეთევან ციხელაშვილმა რომ გაახმოვანა და მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის იყო შეთავაზება, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში სახელმწიფო იხდიდა სწავლის გადასახადს. სწორედ მაშინ დაიწყეს შეზღუდვა და გააფრთხილეს ბავშვები, რომ იქ არ წახვალთ და ცხინვალში უნდა ისწავლოთო“.
ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და დაბაში მცხოვრები მოქალაქეების იძულება, რომ იქაურობა მიატოვონ, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, არჩევანის თავისუფლებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა - ასეთი ვითარებაა დღეს ახალგორში და, ყოფილი სახლხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, თქმით, ეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშებშიც აისახება.
ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ასეთ ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება არის ადეკვატური. აუცილებელია ყველა ასეთ ფაქტზე ხმაურის ატეხა...უჩა ნანუაშვილი
„ადგილობრივი მოსახლეობის დევნა და შევიწროება გრძელდება. პირდაპირი დისკრიმინაციაა სახეზე, როდესაც მშობლიურ ენაზე ცალკე განათლების მიღებას უზღუდავენ და ამას ემატება ისიც, რომ გადაადგილების თავისუფლება, რომელიც ისედაც შეზღუდულია, და არჩევანის თავისუფლება ამ გადაწყვეტილებით რეალურად უფრო იზღუდება. ეს, რა თქმა უნდა, არის სერიოზული დარღვევა, როცა დე ფაქტო ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, ფაქტიურად, სრული იზოლაციისთვის იმეტებს მთელ რეგიონს. იგივე აბიტურიენტებს ამ დაშინების გამო აღარ ექნებათ არჩევანის თავისუფლების შესაძლებლობა. ეს პოლიტიკა, მთლიანობაში, იქით არის მიმართული, რომ მოხდეს ახალგორის რაიონის დეპოპულაცია და რეგიონი ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვოს“.
ყოფილი სახალხო დამცველი ადეკვატური ნაბიჯებისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასაც. მისი აზრით, მთავრობის რეაქცია ამ ვითარებაზე არასაკმარისი და არაეფექტურია.
„ყველა ასეთ ფაქტზე უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, საერთაშორისო მექანიზმებით და ორგანიზაციების მეშვეობით უნდა ხდებოდეს ზეწოლა ადგილობრივ რეჟიმზე და რუსეთის ხელისუფლებაზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ასეთ ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება არის ადეკვატური. აუცილებელია ყველა ასეთ ფაქტზე ხმაურის ატეხა და საინფორმაციო ომში გარკვეული შედეგების მიღება. ეს არის, სამწუხაროდ, პრობლემა, როცა ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირების მაგალითებს“.
ახალგორის ქართული სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ცხინვალში სწავლა რუსული ენის არცოდნის გამო წარმოუდგენელია. ახალგორელები კი აცხადებენ, რომ ადგილზე კაგებეს გააქტიურება და ახალგაზრდების გაფრთხილება იმაზე მეტყველებს, რომ გასული წლის სექტემბრიდან ჩაკეტილი გზა კიდევ დიდხანს არ გაიხსნება, რაც დაბაში არსებულ მდგომარეობას სულ უფრო გაუსაძლისს ხდის. ისინი მოითხოვენ, რომ როგორც დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლებამ მათ პრობლემებს ყურადღება მიაქციოს.