დააპატიმრეს ბელარუსის პრეზიდენტის პოსტის ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიქტარ ბაბარიკა

ვიქტარ ბაბარიკა

დააპატიმრეს ბელარუსის პრეზიდენტის პოსტის ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიქტარ ბაბარიკა.

ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი იტყობინება. კომიტეტის თანახმად, ბაბარიკა, რომელიც მანამდე დაკითხვაზე წაიყვანეს, დაკავებულია დანაშაულის დაფარვისა და მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობის ბრალდებით.

სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის, ივან ტერეტელის თქმით, ამჟამად ამოწმებენ, სხვათა შორის, მაქინაციებს ფასიანი ქაღალდებით, რომელთა ღირებულება 60 მილიონ დოლარზე მეტია და რის შედეგადაც უცხოეთის ანგარიშებზე მსხვილი თანხა იქნა გადატანილი.

ბაბარიკა და მისი ვაჟი დღეს დილით კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების მორიგი ნაწილის ჩასაბარებლად წავიდნენ, მაგრამ შემდეგ მათთან კავშირი შეწყდა.

„ბელტელერადიოკომპანია“ იტყობნება, რომ პოლიტიკოსი და მისი ვაჟი სახელმწიფო კონტროლის საფინანსო გამოძიების დეპარტამენტში წაიყვანეს. ადვოკატებმა ვერ შეძლეს მათთან მისვლა. დაცვამ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ბაბარიკას ოჯახში ჩხრეკა ჩატარდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაიბლოკა ბაბარიკას საარჩევნო ფონდი. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იტყობინება, ხელისუფლების მხრიდან არავითარი ახსნა-განმარტება არ ყოფილა.

11 ივნისს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების წინააღმდეგ. ბანკს ვიქტორ ბაბარიკა ხელმძღვანელობს 20 წლის განმავლობაში. ამ საქმის ფარგლებში, რომელსაც ბაბარიკა პირადად მასზე თავდასხმად მიიჩნევს, ორ ათეულამდე ადამიანი დააკავეს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს.