„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ თბილისს მოუწოდებს გიორგი გაბუნიაზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობის „გამჭვირვალე გამოძიებისკენ“

გიორგი გაბუნია

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის მოითხოვს ქართველი ტელეჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის თაობაზე შეთქმულების „გამჭვირვალე გამოძიებას“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს გაბუნიას უსაფრთხოება.

საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა 12 ივნისს დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელის საქართველოში მძიმე დანაშაულის ჩასადენად იყო ჩამოსული. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პირი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ არის გამოგზავნილი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იმ უცენზურო გამონათქვამებისთვის, რითიც მან შარშან პირდაპირ ეთერში მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კადიროვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ერთგული მოკავშირეა, ხშირად ემუქრება ჟურნალისტებს და კრიტიკოსების მიჩუმებას ცდილობს, მათ შორის იმათიც, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება.

„მიუხედავად იმისა, რამდენად აღმაშფოთებელი და შემაძრწუნებელია გაბუნიას გამონათქვამები [პუტინის მისამართით - რედ.], ისინი არაფრით ამართლებს მკვლელობის მცდელობას და მუქარას,“ განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟანა კაველიემ. „ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკითხის საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს, რუსეთის ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებლად, და ყოველ ღონეს მიმართოს გაბუნიას უსაფრთხოებისთვის.“