თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მისმა ჯარებმა ქურთი მეამბოხეების 500-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ანკარა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ ახორციელებს ოპერაციას.
ოპერაცია 16 ივნისს დაიწყო მას მერე, რაც გახშირდა ქურთი მებრძოლების თავდასხმები თურქეთის არმიის ბაზებზე, ნათქვამია 18 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაზე.
განცხადების თანახმად, თურქეთმა 14 და 16 ივნისს ორი საავიაციო რეიდი განახორციელა PKK-ს პოზიციებზე ჩრდილოეთ ერაყის სხვადასხვა რეგიონებში. როგორც სამინისტრო იუწყება, 36 საათის განმავლობაში თურქეთის F-16 გამანადგურებლებმა, დრონებმა და მძიმე არტილერიამ გაანადგურეს PKK-ს 500-ზე მეტი სამიზნე.
„ოპერაცია ვეფხვის კლანჭი ძალიან კარგად მიმდინარეობს. თუ ღმერთი ინებებს, იმავე სერიოზულობით და შემართებით თუ გავაგრძელებთ, ოპერაციას წარმატებით დავასრულებთ,“ თქვა თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, რომლის სიტყვებიც არის მოტანილი სამინისტროს განცხადებაში.
ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროპის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში აწარმოებს ომს თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქურთებისთვის მეტ უფლებებს მოითხოვს. ამ ბრძოლას დღემდე 40 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.