აჭარის უმაღლესი საბჭოს 6 დეპუტატი ითხოვს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დათხოვნას

აჭარის უმაღლესი საბჭოს 6-მა დეპუტატმა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დათხოვნის მოთხოვნით ბრიფინგი ტელევიზიის შენობასთან გამართა. ბრიფინგზე მათ გაავრცელეს სპეციალური მიმართვის ტექსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იდევნებიან თავისუფალი ჟურნალისტები, რომელთა ნაწილი საქმიანობას ჩამოაშორეს, ნაწილი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმაღლეს საბჭოში მრჩეველთა საბჭოს მიერ წარდგენილი 2019 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში არც პროგრამული პრიორიტეტები სრულდება და არც ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობა ჩანს. ამიტომ იგი 5 დეპუტატთან ერთად მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილავენ საკითხს მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

მოთხოვნის ხელმომწერი 6 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 4 "ნაციონალური მოძრაობას" წარმოადგენს, 1 "ევროპულ საქართველოს" და 1 "ბურჯანაძე - დემოკრატიულ საქართველოს". საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში დასაყენებლად კი სულ 7 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვალ, 18 ივნისს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენა იგეგმება.