ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „არსებითი და დაბალანსებული სამხედრო და პოლიტიკური ზომებით უპასუხებს“ რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექს SSC-8-ის გაშლას ევროპის საზღვრებთან, რასაც შარშან საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის (INF) შესახებ ხელშეკრულების დარღვევა მოჰყვა.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც იენს სტოლტენბერგმა ნატოს 17-18 ივნისის მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე ისაუბრა.
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავაც ცდილობს თავისი სარაკეტო პოტენციალის მოდერნიზებას, მათ შორის, ზებგერითი შეიარაღების განვითარებით. „დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრები მხარს დაუჭერენ ჩვენი მხრიდან არსებითი და დაბალანსებული სამხედრო და პოლიტიკური ხასიათის საპასუხო ზომებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურ მდივნის თანახმად, ეს ზომები მოიცავს ალიანსის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას. „ზოგიერთმა მოკავშირემ განაცხადა, რომ მზად არის მსხვილი ინვესტირების განსახორციელებლად ისეთი ახალი პოტენციალის განვითარებისათვის, როგორიცაა Patriot-ი და SAMP/T“, - დასძინა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა განკარგულება „ბირთვული შეკავების“ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს იმ პირობებს, როდესაც რუსეთი მის ხელთ არსებულ ბირთვული იარაღს გამოიყენებს.
ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს შორის სახელდება „მოწინააღმდეგის მხრიდან ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა სახის იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“. გარდა ამისა, ბირთვული იარაღი რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ასევე რუსეთის ფედერაციის მიმართ ჩვეულებრივი შეიარაღებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, თუ საფრთხე დაემუქრება სახელმწიფოს არსებობას.