თალაკვაძე გაბუნიაზე: ჟურნალისტებზე ანგარიშსწორების უფლებას ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და აცხადებს, რომ უწყებამ, სავარაუდოდ, საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება აღკვეთა. ასე გამოეხმაურა ის "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეს.

"ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით - იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - აცხადებს ის.

მისი თქმით, გამოძიება, რომელიც გრძელდება, აუცილებლად დაადგენს, თუ ვის ინტერესებში იყო დანაშაულის ორგანიზება.

"[დანაშაული] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას", - აცხადებს თალაკვაძე.

გუშინ, 15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ტელეკომპანიის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და გაბუნიას სიტყვები გააპროტესტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

ამავე თემაზე: