მედიაკოლიაცია გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე მთავრობას მიმართავს

გიორგი გაბუნია

კოალიციის "მედია ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები საგამოძიებო ორგანოებისგან "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე დროული და დასაბუთებული ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ. ამ შინაარსის საჯარო განცხადებით მათ მთავრობას მიმართეს.

"ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ... ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ტელეკომპანიის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და გაბუნიას სიტყვები გააპროტესტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".