ერთ დღეს დაბადებული და დაღუპული ვარსკვლავი

14 ივნისი ქართული კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის როგორც დაბადების, ასევე გარდაცვალების დღეა. 1904 წელს ვარშავაში დაბადებული მსახიობი დაიღუპა 1953 წელს, საავიაციო კატასტროფაში, მოსკოვიდან თბილისში მგზავრობის დროს. „ნატო იყო სილამაზე საქართველოსი, ყველაზე ფერადოვანი ყვავილი, რომელიც ჩვენს ეპოქაში ჩვენმა მიწამ შობა“, - წერდნენ მაშინ მასზე.

თვითმფრინავმა, რომლითაც მსახიობი მგზავრობდა სამეგრელოს ტერიტორიაზე, სოფელ ობუჯთან განიცადა კატასტროფა.

ნატო ვაჩნაძის დაღუპვის ცნობამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. არ დარჩა გამოცემა - ჟურნალი ან გაზეთი, რომელმაც მსახიობის ნეკროლოგი არ გამოაქვეყნა. მწარედ დაიტირეს კინოვარსკვლავი ქართველმა პოეტებმა.

„ცაში დაიწვა ვაჩნაძის ეშხი,
და ფრინველების შეწყდა გალობა...
შუქურ-ვარსკვლავო, ცის ვარსკვლავებში
დაგიწყებს ძებნას შთამომავლობა...
...არ დაიჯეროთ - გულს ხომ არ სჯერა, -
ის თვითმფრინავი აგერ მოფრინავს,
მოულოდნელი ხანძრის გაჩენა
კინოსურათის კადრი ყოფილა...“ (ოთარ კუპრავა)

ნატო ვაჩნაძის მამა, გიორგი ანდრონიკაშვილი ვარშავაში დისლოცირებულ რუსულ პოლკში მსახურობდა. ვარშავაშივე გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ეკატერინე სლივიცკაია, თუმცა გიორგი ანდრონიკაშვილი მალევე გადმოიყვანეს თერგის ოლქის უფროსად, სადაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, აბრაგ ზელიმხანის ტყვიამ იმსხვერპლა.

ნატო ვაჩნაძე

1922 წელს ნატა ანდრონიკაშვილმა იქორწინა მერაბ ვაჩნაძეზე, დაახლოებით ამ დროიდან იწყება ნატო ვაჩნაძის კინოკარიერაც. მომავალი მსახიობი შემთხვევით აღმოაჩინა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა, რომელმაც ნატოს ფოტოსურათი რუსთაველის გამზირზე, შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში ნახა, თუმცა მსახიობის პირველ როლად ითვლება „ნენო“ ალექსანდ ბარსკის „არსენა ყაჩაღში“, ბეკ-ნაზაროვმა კი, იმავე 1923 წელს, „მამის მკვლელში“ გადაიღო.

ნატო ვაჩნაძეს სამსახიობო პროფესიული განათლება არ მიუღია, თუმცა როგორც კინოკრიტიკოსი კორა წერეთელი წერდა, ჰქონდა ბუნებრივი ნიჭი და არაჩვეულებრივი გარეგნობა:

„მისი ფერმკთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა. განსაკუთრებით თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები, რომლებიც სიწმინდესა და უცოდველობასთან ერთად უძირო სევდასაც გამოხატავდნენ. ეკრანიდან გიმზერდათ ნატიფი სილამაზის ქალი, ამავე დროს, თვალში გეცემოდათ მისი უბრალოება.“

1922 წლიდან, ვიდრე დაღუპვამდე, ნატო ვაჩნაძემ 30-მდე ფილმში ითამაშა მთავრი თუ მეორეხარისხოვანი როლი. გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად, ხოლო მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში უდიდეს კინოსტუდიად აქცია.

ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეულის ნაწილები მისმა დამ, კირა ანდრონიკაშვილმა ამოიცნო საგვა­რე­უ­ლო ბეჭ­დით.

სიმბოლურად მიიჩნიეს მისი ჰაერში დაღუპვა და ლექსადაც გამოუთქვეს, შენ სილამაზის ვარსკვლავი იყავ და ვარსკვლავივით ცაში დაიწვიო.

საყვარელი მსახიობი მთელმა საქართველომ დაიტირა, ათასობით თაყვანისმცემელმა კი დიდუბის პანთეონამდე მიაცილა.

ნატო ვაჩნაძეზე დაწერილ მოგონებაში ვერიკო ანჯაფარიძე იხსენებს შთაბეჭდილებას, რომელსაც ქმნის წმინდა პეტრეს ტაძარში მიქელანჯელოს შედევრის, მარიამის მკლავებზე დასვენებული ქრისტეს ქანდაკების ხილვა და ამ შთაბეჭდილებას ადარებს ნატო ვაჩნაძის დაკრძალვის დღეს მიღებულ ემოციას:

„ასევე თვალწინ მიდგას ნატოს სახე, ასეთივე შთამბეჭდავი იყო მისი უკანასკნელი სვლა... მზიანი დღე, თბილისის ამწვანებული ქუჩები და ზღვა ხალხით გარშემორტყმული, შავ სამოსში გახვეული ნატო! მხოლოდ ერთი თეთრი ვარდი თრთოდა შავ ხავედრზე, თრთოდა და თითქოს უკანასკნელ სალამს აძლევდა ხალხს, რომელსაც აგრე რიგად უყვარდა ნატო ვაჩნაძე“.