ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში „საქმე ცუდადაა“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში საქმე ცუდადაა“. წუხელ სომხეთში კიდევ უფრო გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

„უნდა განვაცხადო, რომ გუშინ ახალი რეკორდი დავამყარეთ. ექიმებმა დაადასტურეს 723 ახალი დაინფიცირებული, ხოლო 6 პაციენტი სამწუხაროდ გარდაიცვალა“, - აღნიშნა ფაშინიანმა მიმართვის დროს.

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის თანახმად, ახალი სტატისტიკით ეპიდემიის განმავლობაში გამოვლინდა დაავადების 16 000 შემთხვევა.

სომხეთში COVID-19-ით გარდაიცვალა 264 პაციენტი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კვლავ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და კარანტინის ზომები.

„გაბრაზებული ვარ. ადამიანები კვლავ არ იცავენ ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომებს“, - აღნიშნავს მიმართვაში ნიკოლ ფაშინიანი.

მანამდე, 12 ივნისის საგანგებო სხდომაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა 13 ივლისამდე გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებში დაწესდა.