საია-მ და მწვანე ალტერნატივამ ონის კასკადის მშენებლობის უფლების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "მწვანე ალტერნატივამ" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და "ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის" მშენებლობის უფლების გაუქმება მოითხოვეს. ბოლო რამდენიმე დღეში შესული სარჩელებით "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს როგორც გარემოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ მიმართა, საია კი ადგილობრივებს წარმოადგენს.

"ჰესის მშენებელმა კომპანიამ - სს "ონის კასკადმა", არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას, პოსტ-ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე", - ვკითხულობთ "მწვანე ალტერნატივის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სს "ონის კასკადს" მშენებლობის უფლება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 მარტის ბრძანებით აქვს მიღებული. კომპანია 206 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.

ამავე თემაზე: