კორონავირუსისგან სიკვდილიანობა ხაზს უსვამს რასობრივ უთანასწორობას აშშ-სა და ბრიტანეთში

ნიუ-იორკი. 20 აპრილი

ბევრი რამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჯერაც ბურუსითაა მოცული, მაგრამ ერთი რამ ცხადია: აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში შავკანიანები და სხვა ეთნიკური უმცირესობები COVID 19-ისგან სიკვდილის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, შავკანიან ამერიკელთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,4-ჯერ აღემატება თეთრკანიანებისას.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო მოძრაობა ააშკარავებს არა მხოლოდ პოლიციის ძალადობას შავკანიანთა მიმართ, არამედ უთანასწორობას ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების სფეროში...
მიშელ ბაჩელეტი


ბრიტანეთში კი სამთავრობო სააგენტო „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ იუწყება, რომ შავკანიანი, აზიელი და სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საშუალოდ ორჯერ უფრო ხშირად კვდებოდნენ კორონავირუსისგან.

ამას ბევრი გამომწვევი ფაქტორი აქვს, თუმცა დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ სტრუქტურულ და საზოგადოებრივ უთანასწორობაზე. მათი აზრით, სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს კორონავირუსთანაც პირდაპირი კავშირი აქვს.

„ამ ვირუსმა გამოაჩინა ფესვგამდგარი უთანასწორობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა, 2 ივნისს. - „აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო მოძრაობა ააშკარავებს არა მხოლოდ პოლიციის ძალადობას შავკანიანთა მიმართ, არამედ უთანასწორობას ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების სფეროში“.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომლის მონაცემებსაც კორონავირუსით ინფიცირებულთა და ამ ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ მთელ მსოფლიოში ეყრდნობიან, ამერიკაში COVID 19-ის გავრცელებას რასობრივი მაჩვენებლითაც აღწერს.

ილინოისის შტატი. 21 აპრილი

40 შტატში აღრიცხული სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაავადება არაპროპორციულად ახდენს გავლენას აფროამერიკელებზე და ხაზს უსვამს განსხვავებებს სოციოეკონომიკურ სტატუსში.

ამ მონაცემების თანხმლებ ინტერვიუში ლიზა კუპერმა, ჯონს ჰოპკინსის „სამართლიანი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა, ახსნა, თუ რა იდგა ამ სტატისტიკის უკან. „რასობრივი და ეთნიკური უმცირესობის ბევრი წარმომადგენელი სიღარიბეში ცხოვრობს და მათზე პანდემია განსხვავებულად აისახება“, - თქვა მან. „მაგალითად, ისინი ხშირად დამოკიდებულნი არიან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან მანქანის ყიდვა არ შეუძლიათ. უფრო ხშირად უწევთ საყიდლებზე სიარული, რადგან დაგროვების საშუალება არა აქვთ. არა აქვთ დაზღვევა და არ მიუწვდებათ ხელი რეგულარულ სამედიცინო მომსახურებაზე“.

ამავე დროს, შავკანიანებს უფრო ხშირად ემართებათ ისეთი დაავადებები, - გულის, ფილტვების, - რომლებიც კორონავირუსით სიკვდილს უწყობს ხელს. ექსპერტები ამის საფუძველსაც სოციალურ უთანასწორობაში ხედავენ.

კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა. ლონდონი, 28 აპრილი

მოსაზრება, რომ განსხვავების მიზეზი შეიძლება გენეტიკა იყოს, „არასწორი და მავნებელია“, - წერს Scientific American, - თუნდაც იმიტომ, რომ რასებს შორის გენეტიკური ვარიაცია არ არსებობს.

ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ამერიკისა და ბრიტანეთის სტატისტიკაა განხილული, ნათქვამია, რომ მონაცემები „მხარს უჭერს სოციოეკონომიკურ და არა ბიოლოგიურ ახსნას“. ახსნა ბიოლოგიური მახასიათებლებით მეცნიერებისთვისაც და მოსახლეობისთვისაც საზიანოაო, ნათქვამია სტატიაში.

რასობრივი სოციალური უთანასწორობის და, შესაბამისად, COVID 19-ის უკეთ გასააზრებლად ექსპერტები დეტალური მონაცემების გამოქვეყნებას ითხოვენ.

მოძრაობა Black Lives Matter-ის ვებსაიტზე აპრილში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ნათქვამია: „ეს ვირუსი გვანადგურებს. ჩვენ ვართ მუშაკები, რომლებზეც დგას ქვეყანა. ჩვენ დავატარებთ ფოსტას და საკვებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსპორტს. ჩვენ ვმუშაობთ საავადმყოფოებში. ჩვენ სახლში დარჩენა, უბრალოდ, არ შეგვიძლია“.

მიშელ ბაჩელეტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმაც აღნიშნა COVID 19-ის „გამანადგურებელი გავლენა“ შავკანიანებსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებზე. არათანაბარი წვდომა ჯანდაცვაზე და დისკრიმინაცია ჩვენს საზოგადოებებს ნაკლებად სტაბილურსა და უსაფრთხოს ხდისო, თქვა მიშელ ბაჩელეტმა.