მამუკა მდინარაძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე: "ნაცმოძრაობის" აქტივი რომ იქნება, ეს ყველამ ვიცით

მმართველი პარტიის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 20 ივნისის აქციაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები შეიკრიბებიან. მისი თქმით, თუ იქ იქნებიან გულწრფელი ადამიანები, უნდა იცოდნენ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა აღიარეს, რისი გაკეთებაც მათ სურდათ.

"ნაცმოძრაობის" აქტივი რომ იქნება, ეს ყველამ ვიცით. ვერც ვერავინ ვერაფერს უზამს, გამოხატვის უფლება აქვთ და გამოხატავენ თავიანთ პროტესტს", - ამბობს მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ წელს, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავს.

​"თუ იმას ზეიმობენ ერთი წლის თავს, როგორ მოახდინეს აი, ასეთი დაძაბულობის პროვოცირება, ამაში სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს", - თქვა ვოლსკიმ და დასძინა, რომ თუ რთული ვითარება შეიქმნება, "სამართალდამცავები თავის სიმაღლეზე იდგებიან".

წელს 20 ივნისს, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ქვეყანაში ჩამოსვლის ერთი წლის თავზე, მოძრაობა "სირცხვილია" აქციას გეგმავს. შარშან ამ დღეს რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომა რამდენიმე ათასმა ადამიანმა პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტა. გვიან ღამით კი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციის დაშლის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.