სოლიდარობის პლატფორმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის საქმიანობას აფასებს და მომავალი მინისტრის დანიშვნის პროცესის ინკლუზიურობას ითხოვს. ქსელის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოკლებულია რეალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას და მისი სტრატეგიები და ხედვები რეალურად ფორმალური ხასიათისაა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ჩარჩოა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და ხუთწლიანი გეგმა, რომელთა დამტკიცებაც სწორედ ქეთევან ციხელაშვილის საქმიანობას უკავშირდება.
„ერთი შეხედვით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებს ეფუძნებოდა, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათთვის თანაბარი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნა, ასევე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მათი კულტურის შენარჩუნება. ეს მიმართულებები ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ ეროვნულ უმცირესობათა ძირითად უფლებებთან თანხვედრაშიც მოდის. თუმცა ერთია, რამდენად გათვალისწინებულია ამ სტრატეგიულ დოკუმენტებში საქართველოში მცხოვრები უმცირესობების რეალური საჭიროებები და მეორე, რამდენად ეფექტიანად ხორციელდებოდა ის რეალობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე საქმიანობის 5 წლის განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური, სამართლებრივი, სამუშაო მოწყობის, განათლების, თვითმყოფადობის დაცვის, განვითარებისა თუ ინტეგრაციის მიმართულებით, მხოლოდ ფასადური ხასიათი ჰქონდა და ვერ ქმნიდა რეალურად ინკლუზიურ და თანასწორ სოციალურ გარემოს.
რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის მანდატის მეორე მიმართულებას, სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის რეგიონებში, სოლიდარობის პლატფორმა მიიჩნევს, რომ 2012 წლიდან არაღიარების მიდგომებზე დაფუძნებული პოლიტიკა შეიცვალა და აქცენტი მეტად კეთდებოდა შერიგებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, თუმცა ეს პერიოდი კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებით არსებითი პოზიტიური ცვლილებების მომტანი არ ყოფილა.
„ქეთი ციხელაშვილის ხედვა კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებაში რამდენიმე მიმართულებას ეფუძნებოდა, რომელიც მოიცავს მშვიდობის დაცვას, დეოკუპაციას და დეესკალაციას, პირდაპირ დიალოგს და ნდობის აღდგენას აფხაზებთან და ოსებთან და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებულად ეს პოლიტიკა შესაძლოა პოზიტიურ ნაბიჯად და მიმართულებად განვიხილოთ, თუმცა რამდენად შედეგის მომტანი იყო ეს პოლიტიკა კონფლიქტის რეგიონებში სიტუაციის დალაგებისთვის, დეესკალაციისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის - ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბოლო წლებია ჩვენ ვაკვირდებით, რომ უფლებრივი და სოციალური თვალსაზრისით სიტუაცია ამ რეგიონებში უარესდება და მცოცავი ოკუპაციის პროცესიც არ შეჩერებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოლიდარობის პლატფორმა მიიჩნევს, რომ ინტეგრაციის პოლიტიკის გატარების რეალური ძალაუფლების ცენტრი სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს არ აქვთ და პოლიტიკაში უსაფრთხოების სამსახურების გავლენები დომინირებს.
„სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ თუკი ხელისუფლებას სურს ინტეგრაციის პოლიტიკის რეალურად განხორციელება და გაცხადებული სტრატეგიები და ხედვები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, მნიშვნელოვანია სახელმწიფო მინისტრის აპარატს ჰქონდეს მინიჭებული მაღალი მანდატი და რეალური პოლიტიკური ძალაუფლება", - აღნიშნავს სოლიდარობის პლატფორმა. იგი კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ახალი სახელმწიფო მინისტრი დაინიშნოს ინკლუზიური და დემოკრატიული პროცესების შედეგად, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებთან აქტიური კონსულტაციების გზით.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. მისივე ფუნქცია იქნება ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის წარმომადგენლობა.
ციხელაშვილი მინისტრის ფუნქციას 15 ივნისამდე შეასრულებს.
ქეთევან ციხელაშვილი ამ თანამდებობაზე 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს. მანამდე, 2012 წლიდან, ის ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილე იყო.