ეროვნული გამოცდების დროს კონდიციონერებს არ ჩართავენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მთავარი, რაც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს დისკომფორტს შეუქმნის, სიცხე და გაგრილების სისტემების შეზღუდული მოხმარება იქნება.

მისი თქმით, ვინაიდან ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება საჯარო სივრცეებში ნებადართული არ არის, კონდიციონერები შენობებში იმუშავებს მხოლოდ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში. პაატა იმნაძის თანახმად, უშუალოდ გამოცდებზე კი ფანჯრებს გააღებენ.

„განიავება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ სამწუხაროდ კონდიციონერები ვერ იმუშავებენ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, თუ გამოცდების დაწყებამდე გამოჩნდა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები კონდიციონერის მოხმარების დასაშვებობასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეზღუდვები გადაიხედება.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ხოლო სამაგისტრო გამოცდები - პირველიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. გამოცდებში სულ 55 000-ზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. აბიტურიენტებისთვის და მათი გამომცდელებისთვის გამოცდებზე ნიღბის ტარება სავალდებულოა.