მაღალი სიცხის დროს ვინ მოიხსნება და ვინ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას - ალგორითმი ცნობილია

აბიტურიენტები, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ექნებათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. ჯანდაცვის სამინისტრო მსგავსი აბიტურიენტებისთვის სპეციალურ წესებს ქმნის.

რეკომენდაციების მიხედვით, თუ აბიტურიენტს გამოცდის წინა დღეებში მაღალი ტემპერატურა ექნება, მან კორონავირუსზე შესამოწმებლად PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს და წარადგინოს ცნობა, რომ ინფიცირებული არ არის.

"ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა", - ვკითხულობთ რეკომენდაციებში.

თუ აბიტურიენტის ტემპერატურა 37 გრადუსს აღემატება, ხელახალი სკრინინგი 15 წუთში უკვე "ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით" უნდა ჩაუტარდეს. ამავდროულად, გათვალისწინებული იქნება შემდეგი გარემოებები:

  • თუ გამოცდების ჩაბარებამდე 2-3 დღით ადრე აქვს ჩატარებული PCR ტესტი, მას შეუშვებენ სხვა აბიტურიენტებთან ერთად, თუმცა ყურადღებას მიაქცევენ;
  • თუ აბიტურიენტს არ აქვს PCR ტესტი ჩატარებული, გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი და მაინც იზოლირებულ ოთახში მოხვდება.

თუ აბიტურიენტის ტემპერატურა 37,5 გრადუსზე მაღალია და მას არ აქვს ჩატარებული 2-3 დღით ადრე PCR ტესტი, მოიხსნება გამოცდიდან. იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი ტესტი აბიტურიენტს ჩატარებული აქვს, გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.

ამავე თემაზე: ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება