საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ხოლო სამაგისტრო გამოცდები - პირველიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. ამის შესახებ სამინისტროს მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებულ პრესრელიზში წერია.
გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს შესთავაზებს პირბადეებს, ან მათ თავად უნდა მიიტანონ ის. მაგიდებს შორის დაცილება სიგანეში იქნება 2-2 მეტრი, აბიტურიენტების ზურგებს შორის დისტანცია კი - 1 მეტრი.
გამოცდაზე ყოფნის სავალდებულო წესები:
- მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
- მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
- მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
- თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.
თითოეულ საგამოცდო ცენტრში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება.
წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.