გიორგი გახარია: პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შიდა ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ შიდა ტურიზმსაც დიდი ეკონომიკური ძალა აქვს. მისი თქმით, ქართველებმა საქართველოში დასვენება და შიდა ტურიზმში ფულის გადახდა უნდა ისწავლონ:

„დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა, სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში.

ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან, ეს არა. ესეც შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად უნდა ვისწავლოთ, რაღაც სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდეგ მზად ვიყოთ, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ“, - აღნიშნა გახარიამ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს იმერეთის რეგიონში უკვე დაწყებული აქვს რამდენიმე სასტუმროს შემოწმება იმისთვის, რათა დადგინდეს, მზად არიან თუ არა ისინი ტურისტების მისაღებად.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.