საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის ციფრული დეპოზიტარიუმი 200 ათასზე მეტ ფოტოს ითვლის, განაგრძობს წარსულის ვიზუალური სურათის გაფართოებას. ბაადურ ქობლიანიძის უნიკალური ფოტოკოლექციის (2800 ეგზემპლარი) შეძენით, ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომს ხდის XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე საქართველოს ცხოვრების ამსახველი უნიკალური დოკუმენტების დათვალიერებას და შესწავლას. კოლექცია მნიშვნელოვან ცოდნას იძლევა მოცემული პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, სახელოვნებო და სპორტულ ცხოვრებაზე.
ფოტოკოლექციის უნიკალურობას ადასტურებს კოლექციაში შესული ფოტოების ავტორთა შთამბეჭდავი სია: ალექსანდრე როინაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, ვლადიმირ ბარკანოვი, ედუარდ კლარი, პეტრე განკევიჩი, ნიკოლოზ საღარაძე, მელქონ კაჩუხაშვილი, ალექსანდრე მიხაილოვი, კონსტანტინე ზანისი, ევტიხი ჟვანია, ალექსანდრე დიღმელოვი და სხვა.
ბაადურ ქობლიანიძის კოლექციაში ბევრი ისეთი ფოტოა, რომელიც ისტორიას არ შემორჩა. ბევრ ფოტოზე გამოსახულია ისტორიული შენობები და მათი ინტერიერი, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ არც ფიზიკურად და არც გამოსახულების სახით.
„ერთი ფოტოა, კედელზე ჰკიდია ფიროსმანის ნახატები ჩარჩოების გარეშე. კედელზეა მიკრული და ჩარჩოებიც კედელზე აქვს მიხატული. ეს ორთაჭალის ბაღის ცნობილი რესტორანი „ელდორადოა“. რაღაც ხნის შემდეგ, ამ ნახატებს შეამჩნევენ ზდანევიჩები და ფიროსმანი მსოფლიო მხატვარი გახდება... გვაქვს ასევე ფოტო, როცა კედელი გათეთრებულია და იმ ადგილზე არაფერი ჰკიდია. ასევე აღსანიშნავია ცნობილი მეცნიერის და სამხედრო ინჟინრის, საქართველოში ველოტრეკის დამაარსებლის, ვასილ ჯორჯაძის ფოტო ველოსიპედით; თბილისური ამქრის ჯგუფური ფოტოები; ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვის ამსახველი კადრები; ხარება და გოგიას უცნობი ფოტოები; როტინოვის სტამბის ფოტო; პეტრე ჩაიკოვსიკს თბილისში ყოფნის დროს გადაღებული სურათი, არქეოლოგთა ყრილობის ამსახველი ფოტო, კირილე და ილია ზდანევიჩების საბავშვო ფოტოები; სტალინის ფოტო ზაჰესის მშენებლობაზე; დავით კლდიაშვილი ბათუმში სამხედრო ორკესტრთან ერთად; არსენა ჯორჯიაშვილისა და სხვა ძებნილების ფოტოები; ცნობილი თამადა გულბაათ ჭავჭავაძე აზარფეშით და სხვ.“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პერიოდი კოლექციაში წარმოდგენილია რამდენიმე დღემდე უცნობი ფოტომასალით: აქაა ქართველი ოფიცრები გერმანელთა ტყვეთა ბანაკში, ზაგანში - 1918 წ; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრთა ჯგუფური ფოტო, რომელიც ასევე გადაღებული ქართველ ტყვეთა ბანაკში. ფოტოზე არიან: აკაკი ჩხენკელი, მაკრინე თურქია-ჩხენკელისა, ნორინა (ელეონორა) ჯილი-მაჩაბლისა, ნიკო ნიკოლაძე, სპირიდონ კედია, გიორგი კერესელიძე, არტემ ჯიჯიხია, გიორგი მაჩაბელი და ევგენი გეგეჭკორი.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, ქობლიანიძის კოლექცია წარმოადგენს ძალიან ცნობილი ან საერთოდ უცნობი ფოტოების ორიგინალთა კრებულს.
„თითოეული ფოტო უაღრესად მნიშვნელოვანია კონტექსტური აზრით ან პიროვნების მახასიათებლის გათვალისწინებით ან თუნდაც მოვლენის აღწერის მიმართულებით. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, წიგნების შეგროვების პარალელურად, ეპოქის ვიზუალური ასახვაცაა. ამის გამო გავაკეთეთ თავის დროზე ციფრული მატიანე. სწორედ ამ კონტექსტში ეს კონკრეტული არქივი აღმოჩნდა უკიდურესად საინტერესო. ძალიან დიდი ხანის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკება ქობლიანიძეების ოჯახთან. შევიძინეთ ორად გაყოფილი არქივი და მივაღწიეთ იმას, რომ არქივი დანაკლისის გარეშე გადამოგვეცა. ცხადია, შეეძლოთ კოლექციის ნაწილ-ნაწილ, თემატურ კოლექციებად გაყიდვა“, - უთხრა გიორგი კეკელიძემ რადიო თავისუფლებას.
ლევან თაქთაქიშვილიც არ მალავს მადლიერებას ბაადურ ქობლიანიძისა და მისი წინაპრების მიმართ, რომელთა ძალისხმევითაც შეგროვდა უნიკალური ფოტოარქივი.
„განსაკუთრებით იშვიათი ფოტოებია, რომლებსაც ბადურ ქობლიანიძე, უფრო ადრე კი მისი მამა აგროვებდნენ... ყველა ფოტოს უკან ისტორიაა, რომელიც ამ ფოტოს ღირებულებას ერთი ათად ზრდის," - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი, - "საუბარია არა იმაზე, რომ უბრალოდ ერმაკოვის, როინაშვილის ან ბარკანოვის ფოტოებია... არა! ისინი უყურებდნენ ასე: ფოტო უნდა იყოს უნიკალური, უნდა იყოს ცნობილი მოღვაწის, არ უნდა იყოს დაზიანებული, არ უნდა ჰქონდეს ნაკაწრები და ა.შ. ცალკე აღნიშვნის ღირსია კოლექციის მოვლა და შენახვა: თითოეული ფოტო ჩადებულია სპეციალურ შესანახში, ჩადებულია გერმანულ ალბომებში, სპეციალურ ყუთებში... ერთი სიტყვით, ბრწყინვალედ არის მოვლილი... მრავალი წლის განმავლობაში ეს
ოჯახი იყო ძველი ფოტოების ერთადერთი მყიდველი. იხდიდნენ ნებისმიერ თანხას. არის ფოტოები, რომლებშიც უფრო მეტი აქვთ გადახდილი, ვიდრე ჩვენ შევაძლიეთ... უფრო ძვირადაც შეეძლოთ გაყიდვა, მაგრამ ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუ გავყიდით, მხოლოდ თქვენ მოგყიდითო. საზღვარგარეთ ყველა კოლექციონერმა იცოდა ამ ფოტოების შესახებ და ყველა იყო დაინტერესებული, რომ კოლექცია ნაწილ-ნაწილ გაყიდულიყო, მაგრამ ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებით მივაღწიეთ იმას, რომ კოლექცია დაუშლელად შევიძინეთ.“
კოლექციის მთლიანობა მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს ლაშა ბაქრაძესაც, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო საბჭოს წევრია:
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კოლექცია ერთიანი სახით არის წარმოდგენილი, თუმცა თემატურად მეტად მრავალფეროვანია. ასეთი ფოტოები ერთ სივრცეში უნდა იყოს განთავსებული. ფოტო ყველაზე კარგი საშუალებაა საქართველოს ისტორიის გასაცნობად. ფოტოკოლექციის შეძენა მნიშვნელოვანად შეავსებს და გაამდიდრებს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებს და მომავალში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შექმნილ ერთიან მონუმენტურ მონაცემთა ბაზაში, რომელიც საქართველოს მსოფლიოს გააცნობს“.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ უკვე დაწყებულია ფოტოების დიგიტალიზაცია, რათა სულ მალე ციფრულ ფორმატით გამოქვეყნდეს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-საიტის ელექტრონულ მატიანეში.
„ამავდროულად ვაპირებთ ბიბლიოთეკაში ფოტომუზეუმის გაკეთებას. შესაბამისი ტერიტორიის რემონტი დაწყებული გვაქვს. სწორედ ფოტომუზემში მოვაწყობთ თემატურ გამოფენებს როგორ ამ, ასევე სხვა კოლექციებისას“, - უთხრა გიორგი კეკელიძემ რადიო თავისუფლებას.