„4 ივნისს ქ. თბილისში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ეკატერინე გიორგის ასული ჯუღაშვილი - საერთაშორისო პროლეტარიატის დიდი ბელადისა და მასწავლებლის, ამხანაგ სტალინის დედა...“ - ასე იწყება ვრცელი საგაზეთო ნეკროლოგი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ცკ-ის მაშინდელი პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია და ქვეყნის მთელი პარტიული ხელმძღვანელობა.
ეკატერინე ჯუღაშვილი (კეკე გელაძე) წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, მეფისნაცვლის (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის) სასახლის ერთ ოთახში ცხოვრობდა; მიჩენილი ჰყავდა ორი მსახური და სიცოცხლის ბოლომდე დადიოდა ეკლესიაში. 81 წლისას, 1937 წლის მაისში შეეყარა ფილტვების ანთება, რამაც, საქართველოს საუკეთესო ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, რამდენიმე დღეში იმსხვერპლა კიდეც.
„შენი დაკარგვა ისარივით გულზე დაგვესო“
სამგლოვიარო ტექსტში ეკატერინე ჯუღაშვილი წარმოჩენილია როგორც არა მხოლოდ მზრუნველი მშობელი, არამედ როგორც დიდი რევოლუციონერისა და მომავალი ბელადის იდეური თანამოაზრე და მამაცი თანამებრძოლი, რომელიც არ უშინდებოდა ჟანდარმერიის დევნას და არ წყვეტდა კავშირს შვილთან მაშინაც კი, როცა ის პატიმრობასა თუ გადასახლებაში იმყოფებოდა:
„რეაქციის წლებში მეფის ოხრანკა იწყებს ეკატერინე გიორგის ასულის შევიწროებას, ცდილობს შეიტყოს მისგან, სად იმყოფება მისი შვილი, მაგრამ უშედეგოდ. ეკატერინე გიორგის ასული, თავისი შვილის ღირსეული დედა, მედგრად იტანს ყოველგვარ შევიწროებას მეფის დამქაშებისგან“.
როგორც ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი ამბობს, სტალინის დედა, კეკე (ეკატერინე) გელაძე მართლაც გამოყვანილია პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც, "ბურჟუაზიული წნეხის" მიუხედავად, მაინც ახერხებდა თავის რევოლუციონერ შვილთან კავშირის შენარჩუნებას. ნეკროლოგამდეც, ერიკ ბედიას წიგნში, რომელიც ამიერკავკასიის რევოლუციურ მოძრობას ეხება, აღნიშნულია სტალინის დედის რევოლუციური ღვაწლი.
„ამ პროპაგანდას ფუჭად არ ჩაუვლია. მარტო „ბელადი შობა და გარდაიცვალა“, ასე არ ყოფილა საქმე. მთელი ისტორიული რაკურსია განხილული: რა მძიმე ცხოვრება ჰქონდა კეკეს და როგორი ვაჟკაცი ქალი იყო; როგორ შეინახა თავისი რევოლუციონერი შვილი და როგორ აღზარდა ის რევოლუციური სულისკვეთებით. ასე რომ, არავის გაჰკვირვებია, როცა სამუდამო განსასვენებლად მთაწმინდის პანთეონი შეარჩიეს“, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.
„დიდი სტალინის“ გამზრდელს ქართლის დედასაც კი ადარებენ. აი, როგორ დაიტირა მწერალმა იაკინთე ლისაშვილმა კეკე გელაძე 1937 წლის „ლიტერატურული საქართველოს“ 20 ივნისის ფურცლებზე:
„სად ჩანჩქერები ხმაურობენ აქაფებული,
სადაც ბროლივით ელვარებენ მთები კლდიანი
აქ იყო იგი - ქართლის დედა განათებული
და შობა შვილი - სიხარული ადამიანის.
შენ ჩვენო დედავ, სყვარელო, უძვირფასესო,
შენ დედა იყავ მშრომელ ხალხის საყვარელ გმირის,
შენი დაკარგვა ისარივით გულზე დაგვესო
ყველა საკუთარ დედასავით გგლოვობს და გტირის“.
„ძვირფას და საყვარელ დედაჩემს...“
8 ივნისს რუსთაველის გამზირზე მართლა მთელი საქართველო შეიკრიბა. სამთავრობო დამკრძალავ კომისიას საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, გერმანე მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა. კეკეს ბუმბულივით მსუბუქი ცხედარი 17.00 საათზე გამოასვენეს ოფიცერთა სახლიდან. კუბოს ერთი მხრიდან გერმანე მგალობლიშვილი ედგა, მეორიდან კი - ლავრენტი ბერია.
სტალინის დედა ჯეროვანი პატივით დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში, 24-ე ნომრად, ორი წლით ადრე გადასვენებულ ვაჟა-ფშაველას გვერდით. ბევრისთვის მოულოდნელად, იოსებ სტალინი დედის დასაფლავებაზე არ ჩამოვიდა. მხოლოდ გვირგვინი გამოაგზავნა წარწერით: "ძვირფას და საყვარელ დედაჩემს მისი შვილის იოსებ ჯუღაშვილისგან (სტალინისგან)".
რატომ არ ჩამოვიდა?
ზუსტი პასუხი უცნობია. მიჩიგანისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორის, რონალდ გრიგორ სუნის თქმით, ტიპური ქართული გაგების კაცისთვის - ეს წარმოუდგენელი საქციელია, მაგრამ, როგორც დავით ჯიშკარიანი ამბობს, სტალინი გამოირჩეოდა ამგვარი ქმედებებით.
„ალბათ აქ ფსიქოლოგების ჩართვაა საჭირო. ბოლომდე აუხსნელი ამბავია, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივად შეეძლო ჩამოსვლა“.
იქნებ, არ ეცალა?
1937-1938 წლებში ანუ სტალინური რეპრესიების პიკში, დაახლოებით 500 ათასი ადამიანი დახვრიტეს. ინგლისელი ისტორიკოსის, საიმონ სებაგ მონტეფიორეს მიხედვით, სტალინმა პირადად მოაწერა ხელი 39 ათასი ადამიანის სიკვდილით დასჯის ბრძანებას. დახვრეტილთა შორის ბევრი იყო სტალინის ნაცნობი და ახლობელი.
„თვალსაჩინო მსხვერპლი სტალინის ძველი მეგობარი, ბუდუ მდივანი გახდა, მეტსახელად „კასრი“, რომელმაც ახალგაზრდობაში ბევრჯერ გადაარჩინა სტალინი. მდივანი შეეწინააღმდეგა სტალინის 1921 წელს. ამას გარდა, ყოფილმა მსახიობმა ბოროტად იხუმრა, რომ ბერიას შეიარაღებული დაცვა უნდა დაეყენებინა კეკეს (სტალინის დედის) სახლის ირგვლივ - მაგრამ არა მის დასაცავად, არამედ იმისთვის რომ ქალს კიდევ ერთი სტალინი არ გაეჩინა. სტალინმა შვილიც კი მოუნათლა ბუდუს, მაგრამ, როგორც ჩანს, არასოდეს დავიწყებია მისი წინააღმდეგობა“ (ს. ს. მონტეფიორე, „ახალგაზრდა სტალინი“)
ბედის ირონიით, კეკეს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, გაზეთები გამოაქვეყნებენ საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს მოკლე ცნობას, რომ ბრალდებულებმა ბ. მდივანმა, მ. ტოროშელიძემ, მ. ოკუჯავამ, გ. ყურულოვმა, ს. ჩიხლაძემ, გ. ელიავამ და ნ. ქარცივაძემ დამნაშავედ სცნეს თავი სამშობლოს ღალატში, რაც გამოიხატა ჯაშუშობაში, უცხოეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს ფაშისტური წრეების სასარგებლოდ, დივერსიულ და მავნებლურ აქტებში საქართველოს სახალხო მეურნეობის დარგში.
„საქართველოს სს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სპეციალურმა სასამართლო საკრებულომ დაადგინა: ყველა ბრალდებულს, როგორც ხალხის მტრებსა და სამშობლოს მოღალატეებს, მიესაჯოს სისხლის სამართლის სასჯელის უმაღლესი ღონისძიება - დახვრეტა“, - წერს 1937 წლის 12 ივლისის „ლიტერატურული საქართველო“.
“ბიჭი გაჩნდა ჩვენ უბანში!”
ყველაფერი დაიწყო 1874 წლის 17 მაისს, როცა 18 წლის „გამხდარმა, წაბლისფერთმიანმა და დიდრონთვალება“ ეკატერინე (კეკე) გელაძემ ჯვარი დაიწერა „მოხდენილულვაშიან“ ბესარიონ ჯუღაშვილზე, თბილისის ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკის მუშაზე.
ბესო, თურმე, ჩოხით დადიოდა და თავზე, სხვა მუშების მსგავსად, რუსული ქუდი ეხურა. კეკე ღარიბი იყო, მაგრამ ძველ ქართულ ტრადიციულ სამოსს - გრძელსახელოიან ლურჯ კაბასა და ტრადიციულ თავსაბურავს, ჩიხტს ატარებდა.
ბესოს და კეკეს პირველი შვილი (მიხეილი) გაჩენიდან ორ კვირაში მოუკვდათ, იგივე ბედი ეწია გიორგისაც, რომელიც ორი წლის შემდეგ შეეძინათ.
1978 წლის 6 (18) დეკემბერს, როცა, გიორგი ლეონიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „იდო თოვლი, როგორც მატყლი, თითისტარზე ჩახვეული“, კეკემ კიდევ ერთხელ იმშობიარა:
„დაიძახეს მეზობლებმა:
ბიჭი გაჩნდა ჩვენ უბანში!
გამორბიან მოსალოცად:
მივულოცოთ ბესოს ბავშვი.
მოსალოცი მოაქვთ წესით, -
ხილზე ხილი გადაბმული,
ქოხში ჰხვდებათ მელოგინე,
სიხარულით განაბული“. (გ. ლეონიძე, „სტალინი. ბავშვობა და ყრმობა“)
საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება იოსებ ჯუგაშვილის (სტალინის) დაბადების ჩანაწერი - გორის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მეტრიკული წიგნი, რომლის მიხედვითაც, რომ სტალინი დაიბადა 6 (18 დეკემბერს) და მოინათლა 17 (29 დეკემბერს). გარდა ამისა, ირკვევა, რომ მომავალი ბელადი მოუნათლავს მიხეილ შიოს ძე ციხითათრიშვილს, ხოლო ნათლობის საიდუმლო შეუსრულებია დეკანოზ სოლომონ ხახანაშვილს.
არც მეწაღე და არც მღვდელი
1894 წლის ზაფხულში 15 წლის სოსო და დედამისი ტოვებენ გორს და თბილისში მიემგზავრებიან. მატარებელი თბილისის რომ მიუახლოვდა, თურმე სოსომ ტირილი დაიწყო, ეშინოდა მამამისს არ დაენახა და სახელოსნოში სამუშაოდ არ წაეყვანა.
როგორც კეკეს მიერ 1935 წელს ჩაწერილი მოგონებებიდან ირკვევა, შვილის მომავლის გამო ცოლ-ქმარი მძაფრად იყვნენ დაპირისპირებული. სოსოს კერვის ნიჭი აღმოაჩნდა და მამამისი დარწმუნებული იყო, რომ ის „მეწაღეების ამქრის სიამაყე“ გახდებოდა. კეკეს კი გადაწყვეტილი ჰქონდა, შვილისთვის ესწავლებინა და მღვდელი გამოეყვანა.
„მეც დიდად მინდოდა, რომ ბავშვი სკოლაში მიმებარებინა და - დედაჩემსაც. ორივეს ის ნატვრა იყო, რომ ჩემი შვილი სასულიეროში ყოფილიყო, რადგანაც დიდი მორწმუნეები ვიყავით და თვალს გვტაცებდა, როდესაც თბილისიდან რომელიმე ეპისკოპოსი ანაფორის შარიშურით ჩამოსულა და ზარების რეკვით შეჰგებებიან. რამდენჯერ გვინატრია მეც და საწყალ დედაჩემსაც, ნეტამს ჩვენი სოსო ეპისკოპოსი გამოვიდესო... ჩემს შვილში ეპისკოპოსს მოველოდი და რა ეშმაკმა შეაგონა ბუნტი კაცობა-მეთქი. ჩიხტი წამოვიგდე და გავქანდი ქალაქში“, - ვკითხულობთ სტალინის დედის მოგონებებში.
ისტორიკოს დავით ჯიშკარიანის თქმით, კეკე ძალიან მონდომებული დედა იყო. ბევრ გაჭირვებას გაუძლო, რომ შვილისთვის განათლება მიეცა ჯერ გორის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი თბილისში და ყოველივე ეს მოახერხა უკიდურესი ხელმოკლეობისა და ქმრის გავეშებული წინააღმდეგობის პირობებში.
ბოლომდე უკმაყოფილება ჰქონდათ შვილის გამო. როგორც კი სოსო ციხეში მოხვდა, ქმარმა ბრალი დასდო კეკეს შვილის გაუბედურებაში:
„რომ არ დაგეღუპა და სასწავლებელში არ მიგეცა, ახლა ეგ გაჩესტილი უსტაბაში მეყოლებოდა, ეხლა კი ციხეში გამომწყდეული ზის. რად მინდა ნაციხარი შვილი? მამა არ ჰყოლია „რაზმონიკი“ და ის რად უნდა იყოს?“
კეკემაც, როგორც სჩვეოდა, არც ამჯერად დაუთმო ქმარს და მიაძახა: „ეგ ნაციხარი შვილი ისევ ჩემი იყოს, ისევ მე შემარცხვინოს-მეთქი და ამ სიტყვებით დავშორდით.... ახლა „ჩემი ნაციხარი შვილის“ ამბავი ქვეყანამ იცის. რა ბედნიერებაა, რომ გულის წადილი აისრულა და ყველა ჩაგრულის მეთვალყურე და მფარველი შეიქმნა“.
თუმცა, როგორც სტალინის ქალიშვილის, სვეტლანა ალილუევას ჩანაწერებიდან ირკვევა, კეკე მაინც ბოლომდე სწუხდა იმის გამო, რომ სოსო მღვდელი არ გამოვიდა:
„ბებია ძალზე მორწმუნე იყო და ოცნებობდა, რომ მისი ვაჟი მღვდელი გამოსულიყო. ის სიცოცხლის ბოლომდე მორწმუნედ დარჩა და როცა მამამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ინახულა, უთხრა, რა ცუდია მღვდელი რომ არ გამოხვედიო. მამა ამ სიტყვებს მოწონებით იმეორებდა ხოლმე; მოსწონდა დედამისის დამცინავი დამოკიდებულება ყველაფრისადმი, რასაც მიაღწია - ამქვეყნიური დიდებისა და ფუსფუსისადმი“. (ს. ალილუევა,
„20 წერილი მეგობარს“)
სტალინი ხშირად სწერდა წერილებს დედას. კეკემ რუსული არ იცოდა, ამიტომ ყველა (18) წერილი ქართულადაა დაწერილი:
„სალამი, ძვირფასო დედა! მივიღე შენი წერილი. ასევე მივიღე მურაბა, კოჭა და ტკბილეული. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ და მოკითხვას და მადლობას გითვლიან. კარგია, რომ კარგად და მხნედ ხარ. მეც ჯანმრთელად ვარ. ჩემზე ნუ ინაღვლებ. ჩემს სატარებელ ტვირთს გავუძლებ. არ ვიცი, ფული გჭირდება თუ არა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, 500 მანეთს გიგზავნი. ასევე გიგზავნი ფოტოებს - ჩემსას და ბავშვებისას. სულის სიმხნევე არ დაკარგო. გკოცნი. შენი შვილი სოსო. 24 მარტი -1934 წ. ბავშვებმა მოკითხვა შემოგითვალეს. ჩემი პირადი ცხოვრება ნადიას სიკვდილის შემდეგ ძნელია, მაგრამ რას ვიზამთ, ძლიერი კაცი ყოველთვის ძლიერი უნდა დარჩეს“.
დედა-შვილმა უკანასკნელად ერთმანეთი 1935 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში ნახეს...
რა ძალა აკავებს მთაწმინდის პანთეონში?
1979 წელს გამოცემულ მთაწმინდის პანთეონის ცნობარში (ავტ. მამია ჩორგოლაშვილი) „განსვენებული მოღვაწენი“ 5 ნაწილად არიან დაჯგუფებული: „XIX საუკუნის მწერლები და მოღვაწენი“; „საბჭოთა მწერლები“; „ხელოვნების მოღვაწენი“; „მეცნიერები“; „კომუნისტური პარტიის მოღვაწეები“.
კეკე გელაძის (ეკატერინე ჯუღაშვილის) გვარი ბოლო ჯგუფში - „კომუნისტური პარტიის მოღვაწეებშია“ შეტანილი სილიბისტრო თოდრიას, მიხა ცხაკაიას და ფილიპე მახარაძესთან ერთად.
კეკეს საფლავის ძეგლი (აგებული არქიტექტორ გოზალიშვილის პროექტის მიხედვით, 1938 წელს) - ესაა ურნა მარმარილოს კვარცხლბეკზე, რომელსაც სამგლოვიარო მანტია ეფინება. ურნისა და კვარცხლბეკის ფონია შავი მარმარილო-ლაბრადორი წარწერით: ეკატერინე ჯუღაშვილი (1856-1957). არქიტექტორის ჩანაფიქრის მიხედვით, „სტალინის დედის საფლავზე აღმართული ძეგლი ქართველი ქალის სიმბოლური გამოსახულებაა“.
1991 წელს გამოცემულ იმავე მამია ჩორგოლაშვილის „მთაწმინდის“ ცნობარში „მოღვაწეთა“ დაჯგუფება შეცვლილია ამგვარად: „XIX საუკუნის მწერლები და მოღვაწენი“; „XX საუკუნის მწერლობა“; „ხელოვნების მოღვაწენი“; „მეცნიერები“ და „საქართველოსათვის თავდადებულნი“.
კეკე გელაძე არც ერთ ჯგუფში არ გვხვდება ისევე, როგორც არ გვხვდებიან მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე და სილიბისტრო თოდრია.
საქმე ისაა, რომ 1989 წელს მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე და სილიბისტრო თოდრია მთაწმინდიდან გადაასვენეს ხუდადოვის ტყის “საძმო სასაფლაოზე” ე.წ. ბოლშევიკურ პანთეონში, რადგან საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში მთაწმინდის პანთეონში „კომუნისტური პარტიის მოღვაწეების“ საფლავების შეურაცხყოფამ სისტემატური ხასიათი მიიღო (ფილიპე მახარაძის საფლავი ააფეთქეს კიდეც), თუმცა, გადაასვენეს ცხაკაია, მახარაძე და თოდრია, ხოლო კეკეს საფლავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პანთეონის ცნობარში არ შეიტანეს, ხელი არავის უხლია.
რა აკავებს კეკეს მთაწმინდაზე? რატომ დატოვეს?
„იმიტომ, რომ მაშინ კეკე არ იყო აქტუალური! მაშინ აქტუალური იყო ფილიპე და მიხა ცხაკაია! აქტუალური იყო ის, რომ ილია ჭავჭავაძის გვერდით განისვენებდა მებრძოლ უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარე სილიბისტრო თოდრია!“ - ამბობს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მამუკა გიორგაძე, - „ეს ფაქტი იყო აღმაშფოთებელი. კეკე არ გვყავდა სიმბოლოდ. სიმბოლოდ გვყავდნენ ფილიპე, მიხა და სილიბისტრო. ამიტომ მთელი აქცენტი ამ მიმართულებით კეთდებოდა. შემდეგ, როცა ესენი გადაასვენეს, აღარავის გახსენებია კეკეს თემა. მერე კი ისეთი პრობლემები დადგა, რომ ვიღას ეცალა კეკესთვის“.
დავით ჯიშკარიანი კი ამბობს, რომ კეკეს საფლავი 90-იანი წლებსა და ეროვნულ მთავრობას იმ მიზეზით გადაურჩა, რა მიზეზითაც თავის დროზე გაჩნდა დავითის მთაზე.
„სტალინის დედობა არ ნიშნავდა უბრალოდ ბიოლოგიურად ქალის მიერ შვილის შობას. ეს ნიშნავდა იმას, რომ ამ ქალმა შვა ქართველთა შორის ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, რომელიც შემდგომში იქცა ქართული ნაციონალიზმის სიმბოლოდ. აქედან გამომდინარე კეკეს დასაფლავება პანთეონში იმ ისტორიულ ჩარჩოსა და მოცემულობაში, სრულიად გასაგებია... რაც შეეხება 90-იან წლებს. კეკეს არგადმოსვენება მთაწმინდიდან იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული მოძრაობის დროსაც კი სტალინის ფიგურა მნიშვნელოვანი იყო მისი ნაციონალური კუთვნილების გამო. ვერ შეეხნენ კეკეს როგორც კვლავინდებურად „ყველაზე დიდი ქართველის“ მშობელს, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ! ახლა კი კეკემ დაკარგა ყველანაირი მნიშვნელობა და ისტორიის არტეფაქტად არის ქცეული“, - უთხრა დავით ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას.
მიცვალებულთან ანგარიშსწორებისა და ვანდალიზმის წინააღმდეგია მამუკა გიორგაძე, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ისტორია არ უნდა გაჩერდეს:
„ისტორია დღესაც უნდა მუშაობდეს! ნებისმიერი ვინც აქ მოვა, იკითხავს, აბა შევხედოთ ვინ ჰყავთ ქართველებს გამორჩეული? ქართული ეროვნული სულისკვეთების კორიფეები ერთი მხრივ: დიმიტრი ყიფიანი, სოლომონ დოდაშვილი, ილია, ვაჟა, აკაკი და ამ დროს კეკე. იტყვიან, ამას აქ რა უნდა? თუ ისტორიას სწორად არ შევაფასებთ, ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რაშიც ვართ...“
მწერალი ლაშა ბუღაძე კი დარწმუნებულია, რომ პანთეონი სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ხილულად გვაჩვენებს ისტორიას.
„ცხადია წინააღმდეგი ვარ გადაკრძალვის... ან რატომ? ისტორია ხილული უნდა იყოს - რატომ უნდა გადავწეროთ თუნდაც ამ მხრივ? ჩვენი ისტორია ესაა: ბერიას დაკრძალული კეკე ვაჟას გვერდით განისვენებს, ისევე როგორც დანაშაული იყო ფილიპე მახარაძის საფლავის გაუქმება მთაწმინდაზე, რადგან ისტორიის უსამართლობას ცხადად უნდა ვხედავდეთ - როცა საქართველოში მკვლელი შესაძლოა მოკლულის მახლობლად დაკრძალონ: ანუ ფილიპე მახარაძე ილია ჭავჭავაძის საფლავის მოპირდაპირედ. პირიქით, უნდა ვხედავდეთ და უნდა გვაფიქრებდეს ჩვენი ისტორიის ტრაგიკული კონტრასტები“, - უთხრა ლაშა ბუღაძემ რადიო თავისუფლებას.