რა არის მთავარი - დამწყები კულინარის რჩევები დამწყებ კულინარებს 3

დამწყები კულინარისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი იმის მიხვედრაა, თუ რისი შეცვლა შეიძლება რეცეპტში და რისი - არა.

თავიდან ხომ ყველანი რეცეპტებით ვიწყებთ. ზოგი ბებიის დანატოვარ ცალხაზიან რვეულშია ჩაწერილი გაკრული ხელით. ზოგი კი ავსტრალიელი შეფის საიტიდანაა აღებული და თან ფოტოები, გიფები და ვიდეოები ახლავს და ზედ კიდევ ბმულები, სადაც გვამცნობენ, თუ მელბურნის რომელ სუპერმარკეტში შეიძლება ინგრედიენტების ყიდვა ფასდაკლებით.

ჰოდა, დამწყებისთვის ცოტა რთულია განსაზღვრო, რომელი ინგრედიენტის ყიდვაა აუცილებელი. აი, ვთქვათ, სუპის რეცეპტს გადახედე, რომელსაც, ხახვთან და ნიორთან ერთად, დაფნის ფოთოლიც ჭირდება. დაფნა სახლში, ცხადია, არ გაქვს. სუპერმარკეტიც შორია. რას შვები ამ დროს - იცვამ, გადიხარ, პირბადე გახსენდება, ბრუნდები, ისევ გადიხარ, მეზობელს ესალმები, მაღაზიის წინ მდგარ დაცვას სიცხეს აზომინებ, ფიქრობ - მოიცა, 35.2 რანაირად მაქვს, ხომ არ ვკვდები, მოუხერხებელ ხელთათმანს ირგებ, გეხევა, ახალს იღებ, დახლებს შორის დაბნეული დადიხარ და დაფნის ფოთოლს ეძებ, პოულობ, რიგში დგები და უკან ისეთი დაღლილი მოდიხარ რომ სუპის კეთების თავი არა გაქვს და სუშის იძახებ, რომელიც აუცილებლად გაგიცრუებს იმედს?

არანაირად.

დაფნის ფოთოლი მართლაც საჭირო რამაა და კი უნდა გეგდოს სახლში - არ ფუჭდება და არაფერი - მაგრამ ის კერძი მაგის გარეშეც კარგი გამოვა.

ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში „მასტერშეფის“ წინსაფრისთვის არ ვიბრძვით და არც იმას ვცდილობთ, რომ ვარო ბაბომ (აი, იმის, ცალხაზიანი რვეული რომ დაგვიტოვა) საიქიოში იამაყოს. უბრალოდ, საჭმლის მომზადება გვინდა. აი ისეთის, რომ ჭამენ ხოლმე.

საჭმლის კეთების მთელი მუღამი ისაა, რომ რაც არ გიყვარს ამოიღო, რაც გიყვარს, მეტი უქნა და რაც არ გაქვს, სხვა რამით ჩაანაცვლო.

ვარო ბაბო ითხოვს, რომ ლობიოს აუცილებლად ცერეცო ვუქნათ და არამც და არამც კამა? ბოდიში ვარო ბაბო - მაგის გარჩევას ახლა ვერ ვისწავლი და კამაც მშვენივრად წავა!

ევროპული სამზარეულოს უამრავი კერძი ითხოვს დასაწყისში ხახვის, სტაფილოს და ნიახურის ძირის მოშუშვას. ჰოდა, გინახავთ ნიახურის ძირის ფასები? მე მინახავს. მიყიდია კიდეც და, იცით რა - მთელს ცხოვრებას გავძლებ მაგის გარეშე. არა, რამეს კი არ ვერჩი, გემრიელიცაა და ყველაფერიც, მაგრამ კერძში არასოდეს დამაკლდება.

მეორე მხრივ, მეცინება ხოლმე რეცეპტებზე, რომლის ავტორიც გვეუბნება, ორი კბილი ნიორი დაგჭირდებაო. ორი კბილი ვის ეყოფა? ნიორს ვასამმაგებ და ვახუთმაგებ ხოლმე - შეიძლება „თავისკენ წაიღოს“ და „ბალანსი დაარღვიოს“, მაგრამ მე მიყვარს, საითკენაც მივყავარ.

ჰო, აქვე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი, ცხადია, ცხობას არ ეხება. მანდ, თუ ზუსტად არ იცი რას აკეთებ, არც არაფრის შეცვლა შეიძლება და არც ამოღება. მთელი ქიმიური პროცესები შეიძლება ჩავშალოთ. გვინდა ეხლა ჩვენ ეგ?

ბოლოს, ცხადია, არც ისეა საქმე, რომ სუყველაფრის ჩანაცვლება და ამოკლება შეიძლება. ზოგჯერ, თუ ინგრედიენტი არ გვაქვს, კერძს ვერ გავაკეთებთ. მაგაშია დამწყებისთვის სირთულე, რომ მიხვდე როდის შეიძლება იბრძოლო და როდის უნდა დანებდე.

აი, ვთქვათ ჩაქაფულის გაკეთება გვინდა და ხორცი არა გვაქვს (ან არ ვჭამთ). ვიზამთ რამეს? კი, როგორ არა! ზოგი სოკოთი აკეთებს, ზოგიც კარტოფილით. ცხადია, მე თუ მკითხავ „ის“ ვერაა, მაგრამ ვეგეტარიანელებისთვის ან მარხვაზე მყოფთათვის წავა. ან, შეიძლება „წავა“ კი არა, ძალიანაც გემრიელი გამოვიდეს.

მაგრამ, თუ ჩაქაფულის გაკეთება გვინდა და ტარხუნა ან ტყემალი არ მოგვეძევება? რა უნდა ვქნათ? ვერაფერსაც ვერ ვიზამთ. უნდა ავდგეთ და სხვა კერძი გავაკეთოთ. მაგის გარეშე არაფერი გამოგვივა.

მოკლედ, რითაც დავიწყეთ, იმითი დავამთავროთ - დამწყები კულინარისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი იმის მიხვედრაა, თუ რისი შეცვლაშეიძლება რეცეპტში და რისი - არა. დანარჩენ ყველაფერს ეშველება. დანის ხმარება თუ არ იცი პროფესიონალურად - ნელა და მახინჯად დაჭრი და კერძს არაფერი დააკლდება. ხორცის ცნობა თუ არ იცი, გამყიდველს ეტყვი რა გინდა და, სავარაუდოდ, აგარჩევინებს.

მთავარია, დაფნის ფოთლის გამო რიგში არ იდგე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.